29.ნოემბერი .2022 09:00

“სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ მეღვინეობის განადგურებაა” - "ხომლის მარნის" დამფუძნებელი

“სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ მეღვინეობის განადგურებაა” - "ხომლის მარნის" დამფუძნებელი
views 1158
უკან

„სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ მეღვინეობის განადგურებაა“ - ამის შესახებ BMG-სთან ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა „ხომლის მარნის“ დამფუძნებელმა, თამაზ ომანაძემ განაცხადა.

როგორც ომანაძე ამბობს, არატრადიციულ, ძვირად ღირებულ ბაზრებზე დამკვიდრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ხარისხიანი ღვინის წარმოება გაიზარდოს, თუმცა ის, რაც ამ პროცესებს ყველაზე მეტად აფერხებს, რთველის სუბსიდირების პროგრამაა.

„ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი სუბსიდირებაა. არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ამ ბიზნესში. ეს არის გათვლილი ძალიან მოკლე პერიოდზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი შედეგს ვერ ვიღებთ. ვერც ამ მთავრობამ და ვერც მისმა წინამორბედმა, სამწუხაროდ, ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ ყურძენი არ დაასუბსიდიროს. ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს ყურძნის ხარისხზე და ის კატასტროფულად ვარდება“, - აცხადებს თამაზ ომანაძე.

ამავე მოსაზრებას იზიარებს ორგანული მევენახეობა-მეღვინეობის დამფუძნებელი, შალვა ქურდაძე. მისი თქმით, რთველის სუბსიდირება საბჭოთა-სოციალისტური მოდელია, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება.

„მცირე ფერმერს, რომელიც ყურძნის გაყიდვით ცხოვრობს, არ აქვს არანაირი მოტივაცია, რომ ხარისხიანი ყურძენი შექმნას, რადგან მას ისედაც უხდიან გარკვეული რაოდენობის თანხას. კარგი ყურძენი აქვს თუ ცუდი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს უკარგავს ფერმერს იმის მოტივაციას, რომ ღვინის წარმოების დროს განსაკუთრებული მეთოდები გამოიყენოს. სუბსიდირება უხარისხო ღვინის წარმოების პროვოცირებას ახდენს. ეს არის საბჭოთა-სოციალისტური გაურკვეველი მექანიზმი“, - აცხადებს შალვა ქურდაძე.

კიდევ ერთი მეღვინე, რომელიც სუბსიდირების პროგრამის გამოწვევებზე საუბრობს, ორგანული მევენახეობა-მეღვენობა „იაგოს მარნის" დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილია. 

„თუკი ვამბობთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი ყურძნისგან მიიღება მაღალი ხარისხის ღვინო, ჩვენ ხომ ვიცით, როგორ ტარდება სუბსიდირების რთველი. ძალიან ძნელია გაარჩიო რომელი ადგილიდან არის, რა ჯიშის ყურძენია, რამდენად არის დაცული ჯიშური სიწმინდე, რა პრეპარატებით არის ნაწამლი და ა.შ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი, ძალიან რთულად მიიღება მაღალი ხარისხის ღვინო“, - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობამ რთველის სუბსიდირებისთვის 2017 და 2018 წლებში 40 მილიონი ლარი გამოყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა. წელს, სუბსიდირების დაანონსებისას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ 100 მლნ ლარამდე დაიხარჯებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა