მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სუბსიდირების დასრულებამდე პური ვერ გაძვირდება”- ლევან სილაგავა

60a53272499c8
ანუკა ჯოხაძე
19.05.21 19:42
1074
პურის მწარმოებლები წისქვილკომბინატებისგან ფქვილის შეძენას 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად ითხოვენ. მათი თქმით, არსებულ საფასო პირობებში მწარმოებლები პურის ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ. პურის მცხობელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება კერძო სექტორს წარმოების შესანარჩუნებლად პროდუქციის 10-15 თეთრით გაძვირება მაინც მოუწევს.
ძირითად მიზეზად პურის მწარმოებლები გაუფასურებულ ლარს, გაძვირებულ საწვავს და იმ ინგრედიენტებზე ფასის ზრდას ასახელებენ, რაც პურის წარმოებისას გამოიყენება.

ამის პარალელურად ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი სტაბილურდება. ლევან სილაგავას განმარტებით, დღეს ფქვილის ფასი პურის მწარმოებლებისთვის ისეთ პრობლემას აღარ წარმოადგენს, როგორც ეს სუბსიდირების პროგრამის დაწყებისას იყო.

სილაგავა დადასტურებულად ამბობს, რომ სუბსიდირების პროგრამის დასრულებამდე, ანუ 1 ივლისამდე, პურის ფასის ზრდა არ მოხდება, რადგან როგორც წისქვილკომბინატები, ისე პურის მწარმოებლები ტენდერით დადგენილი პირობებით მოქმედებენ.

“ის რასაც ჩვენ ველოდით გამართლდა, ფასებმა საერთაშორისო ბაზრებზე დაიწყო დაღმა სვლა. ცხადია, რომ მსოფლიო ბაზრის ფასებზე და ვალუტის კურსის ფაქტორზე იქნება დამოკიდებული საბოლოო ფასი ხორბალზე და შემდეგ უკვე ფქვილზე. სუბსიდირების პროგრამის დასრულებამდე თვენახევარია დარჩენილი, ანუ აპრიორი ამ პერიოდში პურის ფასი არ გაიზრდება, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა აქვთ ტენდერით აღებული ერთი მხრივ, წისქვილკომბინატებს, რომლებმაც ფქვილი პურის მწარმოებლებს 53 ლარად უნდა მიაწოდონ და პურის მწარმოებლებს კი აქვთ პასუხისმგებლობა პური გაყიდონ იმავე ფასში”-აცხადებს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვის განმავლობაში აამოქმედა. აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს, თუმცა ამ 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.
სუბსიდირების პროგრამა მარტში კიდევ სამი თვით გაგრძელდა. ჯამურად კი 3 თვით პურის ფასის შენარჩუნებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან დამატებით 6-7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

პროგრამის ვადა 1 ივლისს იწურება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მთავრობა პურის ფასის შენარჩუნების მიზნით სუბსიდირების გაგრძელების გადაწყვეტილებას.