მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუეცის არხში გაჭედილი გემის გასწორების შემდეგ ნავთობი იაფდება - CNN

6061bb9cab338
თათია კაკიაშვილი
29.03.21 16:11
995

სუეცის არხში გაჭედილი 400-მეტრიანი ხომალდი Ever Given-ი ექვსდღიანი მუშაობის შედეგად გაასწორეს. ამჟამად ადგილიდან მისი დაძვრისთვის და არხიდან გამოყვანისთვის მიმდინარეობს მუშაობა, რის შემდეგაც არხი კვლავ გაიხსნება. 220,000 ტონის მოცულობის ხომალდის დაძვრა არხის კალაპოტიდან ქვიშის ამოღების შემდეგ გახდა შესაძლებელი. გემის გასწორების შესახებ ვიდეო რამდენიმე საათის წინ Twitter-ის მეშვეობით გავრცელდა.

CNN წერს, რომ მას შემდეგ, რაც გემი სუეცის არხიდან ნაწილობრივ გავიდა, ნავთობის ფასებმა შემცირება დაიწყო, რაც იმედს აჩენს, რომ შეიძლება, გლობალური ვაჭრობის გადამწყვეტი გზა მალე სულ გაიხსნას და, შესაბამისად, ნავთობზე ფასმა კიდევ დაიკლოს.

გამოცემის ცნობით, Brent-ის ტიპის ნავთობი ბოლო პერიოდში 2%-ით შემცირდა და ბარელზე 63,28 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო West Texas Intermediate-ის ნიშნული 2%-ით დაეცა 59,77 აშშ დოლარამდე.

სუეცის არხის ადმინისტრაციის თქმით, უახლოეს მომავალში გემის სრულად გადატვირთვა იგეგმება. შეგახსენებთ, რომ 224.000-ტონიანი ხომალდი არხში თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იყო ჩარჩენილი. გემი ეგვიპტის არხში 23 მარტს შევიდა.

ცნობისთვის: სუეცის არხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო არტერიაა. გასულ კვირას ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მისი ბლოკირება ნავთობის გაძვირებას უქმნიდა საფრთხეს.