მოკლევადიან პერიოდში საქართველოში შესაძლოა სამშენებლო მასალა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი გაძვირდეს. საუბარია პროდუქციაზე, რომელიც სუეცის არხის გავლით ქვეყანაში აზიის ქვეყნებიდან შემოდიოდა.
ფასების დაკორექტირება მომდევნო ერთ თვეში მოუწევთ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტიორებსაც. კომპანია ICR-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ტრანსპორტირების ხარჯი უკვე გაზრდილია 150%-ით, რაც მძიმე ტვირთია. კახა ხაზარაძის თქმით, საზღვაო გადაზიდვების ალტერნატივა ვერ იქნება რკინიგზა, რადგან ხარჯი ორივე შემთხვევაში იდენტურია.
“პროდუქციის ფასებზე ტრანსპორტირების გაძვირებას ასახვა უკვე აქვს, ამ ეტაპზე მიდის გაზაფხული-ზაფხულის შეკვეთების დატვირთვა. ნაწილი გზაშია და ნაწილს ახლა ვტვირთავთ. ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა 150%-ით ანუ 40-ფუნტიანი კონტეინერი თუ ჯდებოდა სადღაც 2000$, ახლა 5000-5500$-ია, შეიძლება 6000$-იც. ჩათვალეთ, რომ აქამდე ტრანსპორტირებას 15-20% ეჭირა, ახლა საშუალოდ 40%-ზე ავა. ფასში ყველა ვარიანტში აისახება. პირდაპირ პროპორციულად რომ ავსახოთ ეს ფასებში მეორე პრობლემა გვაქვს რამდენად გავყიდით ამ პროდუქციას. აქედან გამომდინარე მოგვიწევს ოქროს შუალედის პოვნა, მოგვიწევს მარჟების დათმობაც. ჯერჯერობით ფასდაკლებების პერიოდია და ერთი თვეა გვაქვს. შესაბამისად, ჯერ მიჭირს თქმა რა ასახვას პოვებს ეს ფასებზე, ”-ამბობს კომპანია “ICR”-ის ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე.
ცნობისთვის, სავაჭრო გემებზე , ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ,სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს.
ამასთან, სუეცის არხი გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ჰუსიტთა თავდასხმების ფონზე შემცირდა სუეცის არხის შემოსავლებიც. ტვირთბრუნვის 30%-იანმა ვარდნამ, საერთო შემოსავალი 40%-ით შეამცირა. თუ გასული წლის იანვარში სუეცის არხმა 777 გემი გაატარა, წელს არხით მხოლოდ 544-მა გემმა ისარგებლა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელი ზღვის პატრულირებაზე პასუხისმგებლობა აიღო და ჰუსიტთა მოძრაობის წინააღმდეგ რამდენიმე იერიში მიიტანა.