ბიზნესის განწყობები მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შეიცვალა. ბიზნესი ფიქრობს რამდენად ღირს ამ ვითარებაში საქმიანობის განვითარება.
კომპანია ICR-ის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი ევროპელი პარტნიორები ძალიან შეშფოთებულები არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით, აქვთ კითხვები მიმდინარე პროექტებთან მიმართებით და ფიქრობენ როგორც დაიცვან თავი.
ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ინვესტორები ქვეყანაში დამატებით ინვესტიციების განხორციელებისკენ თავს იკავებენ.
“გუშინ ჩვენ პარტნიორები იყვნენ ჩვენთან ჩამოსული, თურქები და ფრანგები საქმიანი შეხვედრა გვქონდა წინასწარ დაგეგმილი. ძალიან შეშფოთებული არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ვსაუბრობ, კომპანიებზე რომლებიც ძირითად მარტო ბიზნესზე არიან ორიენტირებული და შეშფოთებული არიან სიტუაციის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე საუბრობენ, როგორ დაიცვან თავი მოკლე პერიოდში. რა ინვესტიციები? საუბარი არ არის დამატებით ინვესტიციებზე.
ამას წინათ ჩემმა ჰოლანდიელ პარტნიორებმა დამირეკეს და თქვეს, რომ რთულია სიტუაციაო. ჩვენ გვინდოდა რაღაც ლოგისტიკური კუთხით განვითარება, და თქვეს, რომ ეგ დავივიწყოთ და პირიქით გვეკითხებიან რაც გაქვს გაკეთებული, იმას რა ვუყოთო,” - ამბობს ICR-ის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე.