მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სწრაფად მოქმედების დროა“ – მაიკლ ჰონიგშტაინი შესაძლებლობების ათვისებაზე

63e4e58582408
ელენე კვანჭილაშვილი
12.02.23 00:10
854
საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მრჩეველმა მაიკლ ჰონიგშტაინმა BMGTV-ის გადაცემას – „ანალიტიკა“ – ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გადაცემის ავტორთან და წამყვანთან ელენე კვანჭილაშვილთან პირისპირ საუბარი იმ შესაძლებლობების ანალიზსაც შეეხო, რაც ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთის ომმა უკრაინაში საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის მოიტანა.

როგორ ფიქრობთ, საქართველო მზად არის იმ შესაძლებლობების ათვისებისთვის, რაც შუა კორიდორის ფუნქციის გააქტიურებამ შეიძლება ჩემს ქვეყანას მოუტანოს?

როგორც იცით, შუა დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე ძალიან ბევრი წელია ვმუშაობთ, მაგრამ დიახ – ამ ომმა ხაზი გაუსვა უპრეცედენტო მნიშვნელობას, რაც შეიძლება შუა დერეფანმა შეიძინოს. საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. ბევრი დისკუსია თუ განხილვა უკვე მოვისმინეთ, ახლა გეგმები ქმედებად უნდა იქცეს. ანაკლიის პროექტი უნდა დაიძრას და არა მხოლოდ ანაკლია - მთელი ხაზი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ. ჩვენ გვინდა, საქართველოსთან თანამშრომლობა, რომ გავერკვეთ, რისი განვითარებაა საჭირო იმისთვის, რომ მთელი შუა დერეფანი უფრო ეფექტიანი გახდეს. ჩვენ ამ მიზნისთვის ინვესტიციას სხვა მიმართულებითაც ვდებთ – 500 მილიონი დოლარის სესხი ხმარდება ფოთის ტერმინალის გაფართოებას, რომ ორჯერ მეტი ტვირთის გატარება შეძლოს. ვთანამშრომლობთ ბათუმშიც, რომ აქაც ტერმინალმა შეძლოს თავისი ბრუნვის გაზრდა. ეს ის თემებია, რაზეც ბევრი წელია უკვე ვმუშაობთ – განსხვავება ისაა, რომ დღეს სწრაფად მოქმედების დროა.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვსაუბრობთ და ანაკლია ახსენეთ. მანამდე ენერგეტიკის სექტორი. მახსოვს, ელჩმა დეგნანმა ანაკლიას ერთხელ – გაშვებული შესაძლებლობაც უწოდა, თუმცა ანაკლია არ არის ერთადერთი გაჩერებული პროექტი დღეს საქართველოში. სამწუხაროდ, ყველა სისტემური ჰესი – ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრა – გაჩერებულია. ამას ემატება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების დიდი რაოდენობა – რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის – ამ აქცენტს იმიტომ ვსვამ, რომ უცხოურ ინვესტიციებს ქვეყანაში მხოლოდ ფული არ შემოაქვს – შემოაქვს ცოდნა, უნარები, ტექნოლოგიები – არ მეთანხმებით?

დიახ, სრულად გეთანხმებით და აბსოლუტურად მართალი ხართ ამ ნაწილში. ჩვენც გვინდა, წინ წასული პროექტების ნახვა. მათ შორის, ჰესების ნაწილშიც, რაც თქვენც ახსენეთ. ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს ნანახი, ბევრი დისკუსია მოსმენილი თუ რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ შესაძლებლობების ფანჯარა დღეს არის გახსნილი და საქართველომ უნდა აითვისოს ეს შესაძლებლობები და იმოქმედოს; როცა ინვესტორები უყურებენ ქვეყანას, შემდეგ ჩვენ და ქვეყანაში უკვე მოქმედ სხვა ბიზნესებს კითხვებით მოგვმართავენ, მთავარი კითხვაა – როგორია საქართველოში ბიზნესის წარმოება? რა არის თქვენი გამოცდილება? მაღალი რეიტინგები და ინდექსები იზიდავს ინვესტორის ყურადღებას, მაგრამ შემდეგ ისინი აქ მყოფ ადამიანებს მიმართავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიებს, რომლებიც აქ მუშაობენ, კარგი გამოცდილება ჰქონდეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენს კომერციულ ანგარიშში, აუცილებელია გამართული სასამართლო სისტემის არსებობა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში მიიღებს. არცერთ ბიზნესს არ სურს, აქ ჩამოსვლა და თანხის დაბანდება და შემდეგ, სასამართლოში მოხვედრა და უსამართლო განაჩენის მოსმენა. ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც ვთანამშრომლობთ საქართველოს სასამართლო სისტემასთან იმისთვის, რომ ბიზნესდავები სწრაფად და სამართლიანად გადაწყვიტონ. ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი პროგრესი გვჭირდება.

კიდევ ერთი გამოკვეთილი შესაძლებლობა, რაზეც ბოლო პერიოდში უფრო ხმამაღლა გვესმის – ეს შავი ზღვის კაბელის პროექტია. მსოფლიო ბანკი ეხმარება საქართველოს მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებაში იმისთვის, რომ გამოჩნდეს, კომერციულად რამდენად განხორციელებადია ეს პროექტი საქართველოსთვის. როგორ ფიქრობთ, ცოტა უფრო მეტად ხომ არ უნდა წამოწიოს საქართველომ საკუთარი როლი ამ პროექტში?

როდესაც შავი ზღვის კაბელის ან ანაკლიას ან შუა დერეფნის პროექტებზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში, ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში და განსაკუთრებით – ევროპის და ამერიკის ეკონომიკაში, რადგან ეს მოუტანს საქართველოს დოვლათს და კეთილდღეობას. შავი ზღვის კაბელი კიდევ ერთი ასეთი შესაძლებლობაა. ჩვენ გვინდა, ვნახოთ მიზანშეწონილობის კვლევა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ უფრო ზუსტად ვიცოდეთ, როგორ შეიძლება ამ შესაძლებლობის უფრო ეფექტიანად ათვისება. ყველა ამ პროექტის განხორციელებით, ჩვენ გვინდა საქართველო არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა იყოს, არამედ დამატებული ღირებულებაც შექმნას. თქვენ ჰესები ახსენეთ – ესეც კავშირშია ამ თემასთან. შეიძლება გქონდეს კაბელი, მაგრამ გჭირდება ელექტროენერგია, რომლის ექსპორტსაც მოახდენ. აზერბაიჯანის ჩართულობა მნიშვნელოვანია – ის ერთად კრავს მთელს რეგიონს. ეს მნიშვნელოვანია როგორც კეთილდღეობის, ისე უსაფრთხოების კონტექსტშიც, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, საქართველო მაქსიმალურად მზად დახვდეს იმ შესაძლებლობებს, რაც ამ პროექტს მისთვის მოაქვს.