როგორც ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველი განმარტავს, ამერიკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკა ისე გაიზარდოს, რომ რუსეთის ბაზარზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს. „ენერგეტიკის სფეროს განვითარებაზე როცა ვმსჯელობთ, მაგალითად, ვმსჯელობთ იმაზე, როგორ შეგვიძლია საქართველოს დავეხმაროთ, რომ მისი ენერგეტიკა ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთზე“ – ამბობს ჰონიგშტაინი.
ამერიკისთვის ამავე ხაზს ატარებს ქართული ღვინის მხარდაჭერაც. როგორც მაიკლ ჰონიგშტაინი განმარტავს, ამერიკას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველებისთვის ღვინო – როგორც ეკონომიკურად, ისე კულტურულად.
„ამდენად, ჩვენ ვეხმარებით ქართველ მეწარმეებს, რომ უკეთ მომზადებულები იყვნენ, ამერიკის ბაზარზე ღვინის გასატანად. 2022 წელს მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო გავიდა საქართველოდან ამერიკაში. იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ველოდები, რომ შინ დავბრუნდები და ამერიკის ნებისმიერ ღვინის მაღაზიაში ქართული ღვინის დაგემოვნებას შევძლებ“ – ამბობს ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩეველი „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში.
მაიკლ ჰონიგშტაინის საყვარელი პროექტი, რომელზეც პირადად მუშაობდა, ქართველი ფერმერების მხარდაჭერას ითვალისწინებდა იმისთვის, რომ მათ მეტი ხორბალი მოიყვანონ და ამითაც შეამცირონ ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთზე.
„დღეს გლობალურად ხორბლის უდიდესი ექსპორტიორი რუსეთია. საქართველოში ამერიკული ინვესტიციების შემოტანით და ამერიკული ნოუ–ჰაუს დანერგვით, შევძლებთ ქართველი ფერმერების დახმარებას, რომ საკმარისი რაოდენობით ხორბალი აწარმოონ და ამით რუსეთზე დამოკიდებულება შეამცირონ“ – ამბობს ჰონიგშტაინი.
ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველს მიაჩნია, რომ ისტორიის მანძილზე საქართველომ დააგროვა გამოცდილება, რომ რუსეთი სანდო სავაჭრო პარტნიორად არ განიხილოს.
„ვფიქრობ, საქართველომ დააგროვა ის გამოცდილება, რომ თუ რუსეთს ენდობი და დაეყრდნობი, ის ამ ნდობას აუცილებლად გამოიყენებს შენს წინააღმდეგ“, – ამბობს ჰონიგშტაინი.