მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სხვადასხვა სექტორის სხვადასხვა წესით დაბეგვრა სწორი არ არის - მაჭავარიანი

5fd8aecc9568b
ინგა მურუსიძე
15.12.20 22:03
842
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, გადასახადები თანაბრად იყოს გადანაწილებული ყველა სექტორზე.

„ჩვენ ძალიან ღრმა ანალიზი გავაკეთეთ საგადასახადო შეღავათების შესახებ, ყველა ეკონომისტი თანხმდება, რომ შეღავათები არ არის სწორი და არ არის ეფექტური მექანიზმი ეკონომიკის ან ბიზნესის წასახალისებლად. ეს არის კონკრეტული სექტორის წახალისება სხვა ბიზნესების ხარჯზე. მნიშვნელოვანია, რომ გადასახადები თანაბრად იყოს გადანაწილებული სხვადასხვა სექტორზე და სხვადასხვა პროდუქტზე, რათა ნაკლებად მოხდეს ე.წ. გამრუდება მომხმარებლის მხრიდან.

ზოგადად, შეღავათებზე ვართ ძალიან კონსერვატორები. იდეალური იქნებოდა, რომ ყველა სექტორის დაბეგვრა მაქსიმალურად თანაბრად ხდებოდეს, მინიმალური იყოს ჩრდილოვანი სექტორი და შემდეგ უნდა ვისაუბროთ გადასახდის დაწევაზე. დაბალი გადასახადები ცუდი ფენომენი არ არის, მაგრამ სხვადასხვა სექტორის სხვადასხვა წესით დაბეგვრა სწორი არ არის, ეს აფერხებს ეკონომიკის ზრდის პოტენციალს და არასწორ იმპულსებს აძლევს მომხმარებლებს. ჩვენ არ ვემხრობით სექტორების მიხედვით ცალკეულ შეღავათებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, წარსულის მემკვიდრეობაა, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეღავათები დაწესდა.

„ერთი ხელის მოსმით ყველაფრის გაუქმება შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, რომ ახალი შეღავათები მაინც არ დავაწესოთ. მივუბრუნდეთ ძველ შეღავათებს და ვნახოთ, სად არის იმის რესურსი, რომ შეღავათები მოიხსნას და მაქსიმალურად გათანაბრდეს საგადასახადო ტვირთი ყველა სექტორისთვის. ამ ეტაპზე იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ ახალი შეღავათები არ დავაწესოთ, რაც ცუდია ეკონომიკისთვის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხეს, თუ რა ელის პურის ფასს, რომელმაც უკვე 20 თეთრით მოიმატა.

„რაც შეეხება პურის გაძვირებას, ამ საკითხზე გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებლებთან და სოციალურად ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს შევეხიდებით. ნაწილობრივ შეიძლება პურის ფასი დავუსუბსიდიროთ, ან ეს შეიძლება გათვალისწინებული იყოს იმ საკომპენსაციო პაკეტებში, რომლებიც გვაქვს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.