მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თალაკვაძე წყალტუბოს განვითარებაზე: ივანიშვილისთვის განსაკუთრებული წესები არ დაიწერება

5dc51e86d4620
BM.GE
08.11.19 11:46
938
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წყალტუბოს რესურსი აქვს, რომ წელიწადში მინიმუმ 800 ათასი ტურისტი მოიზიდოს. ამის შესახებ თალაკვაძემ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში", წყალტუბოში ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ინვესტიციის განხორციელება გამჭვირვალედ მოხდება.

„არ გეთანხმებით ამ ვარაუდებში, არ არის მართალი, არანაირი განსაკუთრებული წესები არ დაიწერება ბიძინა ივანიშვილისთვის. კანონი განსაზღვრავს, როგორ შეიძლება ინვესტორს რაღაც მიყიდოს სახელმწიფომ - აუქციონის წესით, ანუ უნდა გამოაცხადოს აუქციონი, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ამაზეც არ აქვს პრობლემა ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთ აუქციონებში ჩაერთოს, თუმცა, აქაც გამოდის ის ხალხი, ვინც რეალობის გაყალბებას ახდენს და აქაც პოულობს გასაკრიტიკებელს. მეორე მექანიზმი, რაც სხვა ინვესტორებთან არაერთხელ გამოუყენებია სახელმწიფოს, არის პირობიანი საინვესტიციო შეთანხმება. შესაბამისად, ერთი გზა იქნება გამოყენებული თუ მეორე გზა, ამას გადაწყვეტს მთავრობა, როგორ იქნება უკეთესი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გამჭვირვალედ მოხდება ამ ინვესტიციის განხორციელება. ეს გამჭვირვალობა ჩანდა თავიდანვე, როცა ბატონმა ბიძინამ საჯაროდ განაცხადა ეს ინიციატივა, იგივე გამოჩნდება ბოლოშიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ მან თავიდანვე განაცხადა, რომ მზად არის ეს პროექტები ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს დაინტერესებულ ბიზნესმენებს თვითღირებულებით ან უფრო დაბალ ფასში - კითხვები მოხსნილია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაგეგმილია 8 ახალი კორპუსის აშენება დევნილებისთვის და განსახლება მათთან შეთანხმებით მოხდება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, დევნილებისთვის შეიქმნება დასაქმების შესაძლებლობებიც.

შეგახსენებთ, რომ როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, იგი წყალტუბოში 22 სანატორიუმს და 9 აბანოს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. მისივე თქმით, პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, თუ როდის გაიმართება აუქციონი და რა საინვესტიციო ვალდებულებით გაყიდიან 15 სანატორიუმს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა.

ამ დრომდე უცნობია, რას ფიქრობენ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე წყალტუბოში კერძო სანატორიუმების და აბანოების მფლობელები.