მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანდაშვილი: თუ ავიაკომპანიები ბორტების გავსებას შეძლებენ, ე.ი. საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო

60143b0141c7b
ინგა მურუსიძე
29.01.21 22:20
1101
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საქართველოში ავიამიმოსვლა აღდგება. მთავრობამ დღეს ის წესები გააჟღერა, რომლითაც საქართველოში როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორები შეძლებენ შემოსვლას: კერძოდ, 1-ელი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.

რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ. თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.


ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელი, თამუნა თანდაშვილი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებების გაჟღერება დაგვიანებულია. თანდაშვილის თქმით, თუკი მთავრობას სურდა ვიზიტორები ქვეყანას 1 თებერვლიდან მიეღო, მაშინ რეგულაციები დაახლოებით 1 იანვარს, ან ორი კვირით ადრე მაინც უნდა გაეჟღერებინა.

„ფრენები აღდგება 1 თებერვალს და განცხადებას მთავრობა აკეთებს 28 იანვარს, გვიჩნდება განცდა, რომ ეს არის დაგვიანებული. ვფიქრობთ, პროცესების მართვა არათანმიმდევრულია. კერძო სექტორს უკვე არც დრო აქვს რაიმე შეფასება გააკეთოს, ან მოსაზრება გამოხატოს, მოსწონს თუ არა ეს რეგულაციები. ეს არის უბრალოდ გადაწყვეტილება. პირველი ორი თვის განმავლობაში ავიასანქციების მოხსნა არავითარ გავლენას არ მოახდენს, რადგან ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა სხვა ორგანიზაცია ქვეყანაში არის ჩაკეტილი. ის, რისთვისაც საქართველოში ტურისტები შემოდიან, არის დახურული - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავიასანქციების მოხსნა ტურისტების შემოსვლას არ ემსახურება“, - ამბობს თანდაშვილი.

თანდაშვილმა აქვე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ ფრენების გახსნის შედეგებს სავარაუდოდ გვიან გაზაფხულზე მივიღებთ. ტურისტული სექტორის წარმომადგენელი ფრენების გახსნას მიესალმება, თუმცა უკვირს, თუკი მთავრობა ტურისტებს არ ელოდება, მაშინ რატომ ხსნის ცას?

„ტურიზმის ალიანსის“ წარმომადგენლის თქმით, საქართველოში სერიოზული პრობლემაა, რომ არ არის ცნობილი სტრატეგიული გეგმა თუნდაც ორი კვირით ადრე მის ამოქმედებამდე. გარდა ამისა, სფეროს წარმომადგენელი ინტერესდება, თუ რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს ვაქცინაციის შესამოწმებლად.

„ეს არის გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებს მთავრობა და სექტორს ეუბნება, რომ ასე მოხდება ორ დღეში. არ ვიცით რა მექანიზმები აქვთ ვაქცინაციის შესამოწმებლად? ან თუ აქვთ, გვაინტერესებს რა უნდა ქნას ადამიანმა, თუკი ჩამოფრინდა საქართველოში 21:00 საათზე, როგორ მიდის, ან სად მიდის აეროპორტიდან? ეს ყველაფერი უცნობია. ავიამიმოსვლის გახსნის ტენდენცია ძალიან კარგია, მაგრამ როცა რეგულაციებს სამი დღით ადრე ასახელებ, ე.ი. ერთი თვე დაკარგე. მაგრამ როგორც ჩანს, გრძელ ვადაზე გადაწყვეტილებებს ვერ აკეთებს. გასაგებია, რომ ეპიდვითარებას ითვალისწინებენ, მაგრამ მეორე მხრივ, კარგი იქნებოდა იმ ეკონომიკურ ზარალს ითვლიდნენ, რაც ამ გადაწყვეტილებებით ეკონომიკას ადგება“, - განაცხადა თანდაშვილმა.

რაც შეეხება არსებული რეალობის გათვალისწინებით ცის გახსნის შედეგებს, თანდაშვილი ამბობს, რომ პირველ ტურისტს ქვეყანაში დავინახავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში და მაშინ, როცა ქვეყანაში ტურისტული სფერო გაიხსნება.

„თუკი გაიხსნება ღირსშესანიშნაობები და რეგიონები, მაშინ შესაძლებელია, რომ გაზაფხულისთვის ავმუშავდეთ. გარდა ამისა, აუცილებელია გაიხსნას ტრანსპორტი. არ შეიძლება ქვეყანაში ავიამიმოსვლა იყოს ღია, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აკრძალული. როგორ უნდა წავიდეს თუნდაც აჭარაში, ან კახეთში ტურისტი? აბსურდია ეს ყველაფერი“, - ამბობს თანდაშვილი.

მისი შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილებას შეაფასებს თავად რეისები - თუკი ავიაკომპანიები ბორტების გავსებას შეძლებენ, ე.ი. საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, ხოლო თუ ცარიელები იფრენენ, ფრენები აღარ იქნება. „ავიაკომპანიები ზარალზე არ წავლენ, მით უმეტეს ახლა, როცა სახელმწიფოზე არიან ჩამოკიდებული“, - ამბობს თამუნა თანდაშვილი.

ამ კონტექსში ის ქართულ ავიაკომპანია „აირზენას“ და მის დირექტორს, რომან ბოკერიას აკრიტიკებს, რომელმაც თქვა, რომ უკვე ორი თვეა, სახელფასო ანაზღაურება არ აუღია.

„უპასუხისმგებლო ერთი ავიაკომპანია გვყავს ბაზარზე, რომლის დირექტორი ორი თვეა წუწუნებს, რომ ხელფასი არ აუღია. შეამოწმეთ კარგად, რა სუბსიდიებით ეხმარებოდა საჯარო სექტორი ეროვნულ ავიაკომპანიას. რამდენჯერ დაეხმარა და როგორ უსინდისო განცხადებებს აკეთებს მისი დირექტორი. საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ? გენერალური დირექტორი აუზიდან გვეპრანჭება და იძახის ორი თვეა ხელფასი არ აგვიღიაო. ის უნდა იყოს პირველი, ვინც იდგება თავისი მოქალაქეების და ავიაკომპანიის დასაცავად და ის პირიქით, საკუთარ ჯიბეზე ზრუნავს. რით ვერ ამოივსო მაგათი მოთხოვნები? ასეთი სუსტი და გაუწონასწორებელი, არასტაბილური ავიაკომპანია რომ გვყავს ქვეყანაში, იმიტომაც არის ჩვენს ქვეყანაში საავიაციო საქმე დაბალ დონეზე“, - ამბობს თანდაშვილი.