მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV-თან დადებული ხელშეკრულების ერთგული ვრჩებით - ქვრივიშვილი

648037e6a6147
მარიამ ვარადაშვილი
07.06.23 13:05
1017
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის პოტენციალის შესწავლას. კერძოდ, კვლევა გამოავლენს, აშენდება თუ არა ამ ტერიტორიაზე ახალი აეროპორტი თუ არსებული გაფართოვდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-თან დადებულ ხელშეკრულებაში არსებობს პირობა, რომ ვიდრე კომპანია თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს, მთავრობას 150 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება TAV-თან შეთანხმების გარეშე არ აქვს.

ქვრივიშვილი ამბობს, რომ მთავრობა ამ ხელშეკრულების ერთგულია, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს. 

“გვაქვს ამბიცია იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო აეროპორტი გვქონდეს. ამ მიზნით არაერთ სამუშაოს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ სწორი მიმართულება განვსაზღვროთ თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. გვსურს, საქართველოში ვიხილოთ კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო აეროპორტი და ინფრასტრუქტურა, რომელიც უპასუხებს მომდევნო ათეული წლის განმავლობაში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მოთხოვნებს.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვინდა ისეთი აეროპორტის განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას. ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ დედაქალაქის აეროპორტის შემდგომი განვითარების პროექტზე. ბუნებრვია, გვაქვს მოქმედი ხელშეკრულება TAV Georgia-თან და ვრჩებით იურიდიულად ერთგული იმ ხელშეკრულების, რომელიც გაფორმებულია მთავრობასა და ამ კომპანიას შორის. თითოეული გადაწყვეტილება, რასაც მთავრობა იღებს სრულად თანხვედრაშია იმ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ცოტა ნაადრევია ვისაუბროთ თუ როგორ განვითარდება ქვეყნის მთავარი აეროპორტი, მოვლენებს არ გავასწროთ და კვლევის შედეგებს დაველოდოთ”,-ამბობს ქვრივიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები