მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილღვინო": რუსეთში სანდო პარტნიორები გვყავს, მაგრამ მაინც მოზომილად ვაქტიურობთ

5da0af634c6ae
ლიკა გურაბანიძე
12.10.19 09:30
1739

"თბილღვინოს" შემთხვევაში, რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია, თუმცა დომინანტი არ არის. რუსეთის ბაზარზე ჩვენი ღვინის ექსპორტის წილი წელს 25%-ზე მეტი არ იქნება,” - ამის შესახებ BM.GE-ისთან კომპანია “თბილღვინოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა სექტორის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების რისკზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, კომპანია ცდილობს, რომ საექსპორტო ბაზრების მაქსიმალურ დივერსიფიკაციას მიაღწიოს.  


“მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს და წლის ბოლოს საბოლოო მონაცემი გვექნება. ბოლოდროინდელი მდგომარეობა ჩვენზე გავლენას ნაკლებად ახდენს. ივლისის ციებ-ცხელებამ რომ გადაიარა, მას შემდეგ რუსეთის ბაზარზე ღვინოს გეგმის მიხედვით ვტვირთავთ. ჯე პრობლემას ვერ ვხედავთ, თუმცა ის პოლიტიკური და კომერციული რისკი, ბუნებრივია, რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სანდო პარტნიორები გვყავს, რუსეთში მაინც მოზომილად ვაქტიურობთ", - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.


შეგახსენებთ: 2019 წლის 9 თვეში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 164 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტზე 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გავიდა. საექსპორტო ქვეყნების ათეულია: რუსეთი (41 112 235 ბოთლი), უკრაინა (6 766 841 ბოთლი), ჩინეთი (5 334 939 ბოთლი), პოლონეთი (2 905 372 ბოთლი), ყაზახეთი (2 477 358 ბოთლი), ბელარუსი (1 008 888 ბოთლი), ლატვია (988 122 ბოთლი), აშშ (533 206 ბოთლი), ლიეტუვა (503 832 ბოთლი) და ესტონეთი (499 736 ბოთლი). 9 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.