მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია 90 მილიონად გარე განათებას ყიდულობს - ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

60e7f7bb7ffe5
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.21 11:20
1065

თბილისის მერია გარე განათებების სისტემის გამოცვლაზე 89.7 მილიონ ლარს დახარჯავს. LED ნათურების შესასყიდად მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ "თბილსერვის ჯგუფმა" 3 ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

29.8 მლნ ლარის, 29.1 მლნ ლარის და 30.7 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერებით ჯამში ასი ათასი LED განათების შეძენა არის დაგეგმილი.

თბილისის მთავრობის 28 აპრილის განკარგულების თანახმად, თბილისის მერიამ "თბილსერვის ჯგუფს" შესყიდული LED სანათების ფასი 10 წლის განმავლობაში "ეტაპობრივი გადახდით" უნდა აუნაზღაუროს.  მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მსგავსი პირობებით "თბილსერვის ჯგუფმა" 3 ტენდერი მაისის დასაწყისშიც გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არცერთმა პრეტედენტმა არ მიიღო. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს არაერთი კითხვა ჰქონდათ, მათ შორის თანხის მიღების გარანტიასთან დაკავშირებით.

თბილისის მთავრობის განკარგულებაში ამ შესყიდვის ღირებულების დაფინანსების წყაროდ მითითებულია ის ეკონომია, რასაც დედაქალაქის ბიუჯეტი არსებული, ანუ სოდიუმის გარე განათების ნათურების LED ნათურებით ჩანაცვლებით მიიღებს. ახალი LED ნათურები სოდიუმის განათებებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ - შესაბამისად, მათი შენახვა დედაქალაქის გადასახადის გადამხდელებს უფრო იაფი დაუჯდებათ. სწორედ მომავალში მისაღებ ელექტროენერგიის ეკონომიას უთითებს თბილისის მერია ამ შესყიდვის დაფინანსების წყაროდ. 

თავად სატენდერო ხელშეკრულების პროექტშიც ნათქვამია, რომ "თბილსერვის ჯგუფი" ამ LED ნათურების საფასურს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 120 თვის ვადაში, ანუ 10 წელში გადაუხდის. 

"შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება მოხდება კვარტალურად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 120 თვის განმავლობაში, ყოველი კალენდარული კვარტლის ბოლოს. პირველი ოთხი კვარტლის განმავლობაში ანგარიშსწორება განხორციელდება მოწოდებული სანათებით მიმდინარე კვარტლის ბოლომდე მიღებული ეკონომიის შესაბამისად, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა განხორციელდება პროპორციულად, დარჩენილი პერიოდის განმავლობაში (ყოველი კვარტლის ბოლოს). შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება დაიწყება მხოლოდ საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ). გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ლარში ან უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო),"- ნათქვამია ხელშეკრულების პროექტში.

მერიამ საკითხზე მაისის დასაწყისში გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დედაქალაქის მთავრობას გარე განათების სისტემის შენახვა წელიწადში 22 მილიონი ლარი უჯდება, საიდანაც ელექტროენერგიის ხარჯი 13.5 მილიონი ლარი, ექსპლოატაციის ხარჯი კი 8.5 მილიონი ლარია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები