სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის შედეგად, "თბილსერვისში" ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ხარვეზები გამოვლინდა.
მაგალითად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნორმირებული სამუშაო დრო დღეში 8 საათია, დასაქმებულის დღიური სამუშაოს ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში მერყეობდა 18 დან 23 საათამდე, რაც აუდიტის მიხედვით, ადამიანის ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე არარეალურია.
დოკუმენტის მიხედვით, 2020-2021 წლებში "თბილსერვისის" მიერ სულ 4,362.2 ათასი ლარის ზეგანაკვეთური სამუშაოა ანაზღაურებული.
"ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი წარმოდგენილი დოკუმენტური მასალების შესწავლით გამოვლინდა რისკის შემცველი გარემოებები.
კერძოდ: 2020-2021 წლებში 137 შემთხვევაში ანაზღაურებულია საშუალოდ 5 საათზე მეტიყოველდღიური ზეგანაკვეთური სამუშაო, ღირებულებით − 198.6 ათასი ლარი. ზოგიერთ დასაქმებულზე კვირაში ზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენდა 70-დან 105-მდე საათს, რაც დღიურად 10-დან 15 საათამდე ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს გულისხმობს.
თბილსერვისში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, ზოგიერთი დასაქმებულის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ადამიანის ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ დასაქმებულთა ზეგანაკვეთური საათების დოკუმენტურად აღრიცხული რაოდენობა პრაქტიკული თვალსაზრისით არ შეესაბამება რეალობას", - წერია დოკუმენტში.
აუტიდის რეკომენდაციის მიხედვით, "თბილსერვისმა" უნდა დააწესოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ყოველდღიურ ზუსტ აღრიცხვას და ზეგანაკვეთური თანხების ანაზღაურება განახორციელოს მხოლოდ დაზუსტებული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე.