მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რაიონულ გამგეობებში დანამატი ძირითადად ხელმძღვანელ პირებზე გაიცემოდა - აუდიტი

60ba6f12b58df
თამთა ჯიჯავაძე
04.06.21 23:10
578
თბილისის მერის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე, სახელფასო დანამატი ძირითადად გაიცემოდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების აუდიტის 2017-2018 წლების ანგარიშშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტში წერია, 2017 და 2018 წლებში აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებულ პირებზე სახელფასო დანამატის სახით ანაზღაურებულია 5,616.1 ათასი ლარი, ასევე გაცემულია 5,361.0 ათასი ლარის პრემია/ფულადი ჯილდო. 2017 წელს მერიასა და გამგეობებში სახელფასო დანამატის მიმღებთა ვინაობა წინასწარ იყო განსაზღვრული.

„დასაქმებულის მიერ მასზე კონკრეტული პერიოდისთვის დაკისრებული ან/და მისი სამუშაო აღწერილობის შესაბამისად განსაზღვრული სამუშაოს შესრულება უკავშირდება თუ არა ზეგანაკვეთურ და მოცულობით მუშაობას, უნდა შეფასდეს უკვე დამდგარი შედეგის შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა წახალისების საფუძველიც იყოს. მერიის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაფერისი მტკიცებულებები და აუდიტის ჯგუფმაც ვერ მიიღო სათანადო რწმუნება: რას ეფუძნებოდა წლის დასაწყისში, წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული დასაქმებულების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უპირობოდ ზეგანაკვეთურ მუშაობასთან იქნებოდა დაკავშირებული“, - წერს აუდიტის სამსახური.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წელს ქალაქ თბილისის მერიასა და გამგეობებში შემუშავდა თანამშრომლების მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის ანაზღაურების წესი, რის თანახმადაც, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი და ანაზღაურებული საათები უნდა დაანგარიშებულიყო თანამდებობრივი სარგოს გარკვეული პროცენტული პროპორციით.

„უფლებამოსილი პირებისაგან მიღებული ახნა-განმარტებით, დასაქმებულების მიერ დღის განმავლობაში შესრულებული ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების დაანგარიშებას ახორციელებდნენ უშუალოდ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. როგორც აღინიშნა, ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიერ შესამოწმებელ პერიოდში დასაქმებულთა ნამუშევარი საათების გამოთვლისათვის არ გამოიყენებოდა ტურნიკეტი ან/და დასწრება/აღრიცხვისათვის განკუთვნილი ჟურნალი. მერიის მიერ ვერ იქნა
წარმოდგენილი შესაფერისი და საკმარისი დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებს“, - წერს აუდიტი და ასკვნის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე არსებობს რისკი იმისა, რომ აღმასრულებელ ორგანოებში დამკვიდრებული პრაქტიკა სისტემურია და სახელფასო დანამატების გაცემის საფუძვლები, რომელიც უკავშირდება დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარ დროის აღრიცხვას და დაანგარიშებას, მხოლოდ სახელფასო დანამატის გაცემის ფორმალური დასაბუთებაა.