მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს 25-27 სექტემბერს ონლაინ გაიმართება

5f63401869cc8
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.20 21:13
1065

თბილისის წიგნის ფესტივალი კვლავ ონლაინ ფორმატში გაიმართება - ამის შესახებ განცხადებას ფესტივალის ორგანიზატორი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 25-27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

„ძვირფასო მეგობრებო! ვიცით, როგორ გიყვართ ჩვენი ფესტივალი და როგორ მოუთმენლად ელით მასთან შეხვედრას! ჩვენთვისაც ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, როდესაც ExpoGeorgia-ს პავილიონებში თავშეყრილ ერთგულ მკითხველებს, მონაწილეებს, უცხოელ სტუმრებსა და ფესტივალის მეგობრებს ვხედავთ, თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალის ორგანიზატორებმა საფუძვლიანი განსჯისა და ყველა შესაძლო რისკის შეფასების შედეგად, ასევე პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი 25-27 სექტემბერს სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება!

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმებისა და კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ფესტივალის ჩატარება ExpoGeorgia-ს პავილიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე, სამწუხაროდ, მაღალი რისკის შემცველი იყო როგორც ფესტივალის მონაწილეების ისე სტუმრებისთვის.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ტრადიციულ მასპინძელს - ExpoGeorgia-ს, რომელიც ბოლო წუთამდე ცდილობდა ყველანაირი პირობა შეექმნა ჩვენთვის, რათა ფესტივალი ფიზიკური სახით ჩატარებულიყო. მადლობა მხარში დგომისთვის”, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს 12:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12-დან 19 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ-გვერდზე Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის წიგნის ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.

წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება ვებგვერდზე www.gpba.ge. მონაწილეების კატალოგების ბმული კი ორშაბათს, 21 სექტემბერს გამოქვეყნდება.