მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 8,000-ით ნაკლები ბინა გაიყიდა - COVID-ის გავლენა უძრავ ქონებაზე

5f5f3aa8281de
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.20 13:55
1295
ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი არის ის ფართობი, რომლითაც 2020 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების ფართობი შემცირდა. TBC Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის რვა თვის განმავლობაში დედაქალაქში სულ 16,000 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8,000 ბინით ანუ 34%-ით ნაკლებია.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ რეალიზებული უძრავი ქონების ჯამური ფართობი 1,098,000 კვადრატული მეტრს შეადგენდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 1,683,000 კვადრატული მეტრი იყო.

რეალიზებული ბინების განაწილება ასეთი იყო:

● ახალი ბინები - 9,900 ერთეული, ჯამური ფართობი 682,000 კვადრატული მეტრი, კლება წინა წელთან 5,000 ბინა;
● ძველი ბინები - 6,200 ერთეული, ჯამური ფართობი 415,000 კვადრატული მეტრი, კლება წინა წელთან 3,000 ბინა.

TBC Research-ის თანახმად, უძრავი ქონების ბაზარი მინიმუმამდე 2020 წლის აპრილში დაეცა, როდესაც თბილისში მხოლოდ 200 ბინის რეალიზაცია მოხდა.

აგვისტოში კი თბილისში 2,387 საცხოვრებელი სახლი/ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 17.4%-ით ნაკლები იყო. გასული თვის განმავლობაში რეალიზებული ბინების ჯამურმა ფართმა 158,307 კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 19.3%-ით ნაკლებია.

ამასთანავე, ანგარიშიდან ირკვევა, რომ დედაქალაქში რეალიზებული ბინების საშუალო ფართის მოცულობაც შემცირებულია. თუ 2019 წლის აგვისტოში საშუალო ობიექტის ფართობი 67.4 კვადრატული მეტრი იყო, 2020 წლის აგვისტოში საშუალო ბინის ფართობი 66.3 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. შესაბამისად, აგვისტოში თბილისში რეალიზებული ბინების საშუალო ფართობი 1.1 კვადრატული მეტრით არის შემცირებული.

რაც შეეხება უბნების მიხედვით ბინების გაყიდვების დინამიკას, ყველაზე მკვეთრად, 47%-ით ჩუღურეთში იკლო ბინების რეალიზაციამ, საბურთალოზე კლება 44%-ია, კრწანისში კი - 41%.

შედარებით ნაკლებად არის გაყიდვები შემცირებული გლდანსა (-21%) და სამგორში (-24%).

TBC Research-ის მიხედვით, პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია. 2019 წლის მეოთხე კვარტალში იქამდე სანამ ქვეყანაში პანდემია დაიწყებოდა, პრემიუმ სეგმენტის ობიექტებზე მთლიანი ბაზრის 11% მოდიოდა, ივლის-აგვისტოში კი ამ კატეგორიის ბინებს გაყიდვების 8% უკავია. ამასთან, 3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი დაბალ სეგმენტში შემავალი ბინების წილი და ის ბაზრის 62%-ს იკავებს.

საშუალოდ, ბინების ფასები 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით ასეთია:

ახალი ბინების საშუალო ფასი - $693 დოლარი ერთ კვადრატულ მეტრზე, ფასი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში $722 დოლარი იყო.
ძველი ბინების საშუალო ფასი - $615 დოლარი ერთ კვადრატულ მეტრზე, ფასი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში $630 დოლარი იყო.

TBC Research-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამა წარადგინა, იპოთეკური სესხების პორტფელი გაიზარდა. კერძოდ, ივლისში გაცემული სესხების მოცულობამ 280 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია.