საინვესტიციო ფონდი KETTARI-ს განვითარების დირექტორის სერგი გვარჯალაძის თქმით, მუშაობენ co-working სივრცის შექმნაზე, რომელიც თბილისში, კერძოდ, მარჯანიშვილის გამზირზე 2023 წლის გაზაფხულზე გამოჩნდება.
„დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე თანაბრად დააინტერესებს, როგორც ადგილობრივი კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასევე უცხოელ ექსპატებს, დეტალებს უკვე მოგვიანებით ისევ თქვენს ეთერში გავაჟღერებ“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.
მან BMG-ის ეთერში ფონდის საქმიანობა და 2022 წლის მიღწევებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ექვსი თვე დასჭრიდა KETTARI-ს, რომ ნდობა მოეპოვებინა და პარტნიორები შეეძინა.
„მომავალ წელს უკვე ნაკლები ყურადღება დაეთმობა ცნობადობას და გადავალთ უფრო კონკრეტულ აქტივობებზე. დღეს, აქსელერატორების პროექტიც ამოქმედებულია და აქტიურ ფაზაშია, ასევე ამუშავდა "კეტარი აკადემია". ჩავატარეთ არაერთი ვორქშოფი, რომლის მიზანიც იყო სხვადასხვა სფეროში ცოდნის გაღრმავება, ასევე გავაფორმეთ ხელშეკრულება გორის უნივერსიტეტთან, იგეგმება სხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობაც“, - განაცხადა გვარჯალაძემ.
ცნობისთვის, KETTARI კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც 20 ქვეყანაში და ოთხ კონტინენტზე ოპერირებს. ფონდი, რომლის საქმიანობაც IT და ინტელექტუალური საკუთრების კუთხით თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა, განვითარების საწყის ეტაპზეა.




























