მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება

5fa3ea4f92f28
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.20 16:09
931
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც მან დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა დღეს არსებულ ინფიცირების მაჩვენებლებს უმკლავდება, რაც სისტემის მდგრადობაზე მეტყველებს.

„ახლა რთული პროცესია, ეპიდემია - ქვეყანაში და პანდემია - მსოფლიოში ასე მალე არ გაჩერდება და გვექნება შემთხვევების ზრდა. დღეს ქვეყანაში 2400 ინფიცირებულს რომ ვუვლით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა მდგრადია“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დღეს 4 000-მდე ადამიანი საავადმყოფოებში მკურნალობს, დაახლოებით, 2 000-მდე კოვიდ სასტუმროშია, დანარჩენი კი ბინაზე გადის მკურნალობას, თუმცა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ დატვირთვას გაუძლოს, მნიშნვნელოვანია, მსუბუქად ინფიცირებული პაციენტები სახლში დარჩნენ. 

„ჯანდაცვის სისტემა და პირველადი ჯანდაცვის რგოლი უმკლავდება, მაგრამ ყველგან ზღვარი არსებობს... შემთხვევების ზრდა იქნება და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინფიცირებული ადამიანების დიდი რაოდენობა უნდა იმართოს ბინაზე, რადგან მათი უმრავლესობის მდგომარეობა მსუბუქია. ამ პაციენტების დიდი ნაწილი - 20%-დან 30%-მდე უსიმპტომოა, ამიტომ ისინი ბინაზე უნდა მკურნალობდნენ.

რა თქმა უნდა, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალური მომსახურება, შესაბამისი პირობები ქვეყანაში არის; საავადმყოფოები თავისუფლდება და საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შემზღუდველ ღონისძიებებსა და ინფექციის მართვას შორის ბალანსი კარგად უნდა იყოს დაჭერილი", -  განაცხადა გამყრელიძემ.