მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძემ ჩოგოვაძეს "სამედიცინო ჰოლდინგის" განვითარების გეგმის დასადებად 1 თვე მისცა

5e3acfc4b79ad
ინგა მურუსიძე
05.02.20 18:28
1131

"სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძეს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ განვითარების გეგმა დადოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ჩოგოვაძესთან ერთად პირადად არის ჩართული, რომ განვითარების ეფექტური გეგმა დაისახოს.

„ვმუშაობთ სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების გეგმაზე; ახალი ხელმძღვანელი სულ ორი დღეა დაინიშნა. მას მივეცით გონივრული ვადა, ერთი თვე, იმისთვის, რომ განვითარების გეგმა შეიმუშაოს. პოლიტიკის დეპარტამენტი და პირადად მე ვართ ჩართული ჰოლდინგის განვითარების გეგმაში. ერთი თვის შემდეგ გვექნება საკმაოდ მკაფიო მონახაზი, თუ როგორი იქნება ჰოლდინგის განვითარება. როგორი იქნება ასევე ჩართვა იმ რეგიონული საავადმყოფოების, რომლებიც დღეს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში არიან ჩართულები და ამის შესახებაც მზად ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია კომიტეტის მოსმენაზე, თუ სხვა ფორმატში, რომელსაც აირჩევთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმითვე, მომავალში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს შეუერთდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.

"ბაზარზე არსებული 293 კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ყველა სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რიცხვიდან მხოლოდ 5%-6% არის ის კლინიკები, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნიან. არ მგონია, რომ სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება, მათი ეფექტური მართვა რამე რისკს წარმოადგენს კერძო სექტორისთვის. მე ნამდვილად ვთვლი და აღვნიშნავ, რომ ის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და სახელმწიფო საავადმყოფოებს შორის, არ არის განხილვის საგანი, რადგან ჩვენ არ ვთვლით, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ მართვის ერთი ტიპი. პირიქით,  მრავალი ტიპი მოგვცემს შესაძლებლობას დავინახოთ, თუ რა შესაძლებლობა შეიძლება გამოიკვეთოს ამა თუ იმ მოდელისთვის და მით უმეტეს ჯანდაცვაში, რომელიც მუდმივად განვითარებადია და განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ უცებ ჩამოყალიბდნენ, თუ რომელი სამედიცინო მოდელი, დაზღვევა და მართვის ტიპი არის უნივერსალური“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრს არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველო დადებს მზა რეცეპტს და ფიქრობს, რომ ეს არის მუდმივი ძიების და განახლების პროცესი.

ტიკარაძე ამბობს, რომ გადაცდომებზე თვალის დახუჭვა შეცდომა იქნება და ზოგ შემთხვევაში სექტორში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაც საჭიროა.

შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის იდეა ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს გააქტიურდა. პირველ ეტაპზე ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდება.