მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თქვენი თანხმობის გარეშე ახალ ფასიან სერვისებს და პაკეტებს ვეღარ ჩაგირთავენ

607ee0164f3de
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.21 18:16
5665
შესაძლოა, გქონიათ გამოცდილება, როდესაც ინტერნეტ პროვაიდერის თუ მობილური ოპერატორის მხრიდან მიიღეთ შეტყობინება, რომ რაღაც ახალი პაკეტი თუ სერვისი გაგიაქტიურდათ, რის შესახებაც წინასწარ არ იყავით გაფრთხილებული. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ეს პრაქტიკა პრობლემური იყო, რის გამოც მათ მომხმარებლის უფლებების დაცვის ახალი რეგლამენტით ის აკრძალეს. ნებართვის გარეშე ახალი სერვისის ჩართვასთან ერთად სატელეკომუნიკაციო კომპანიებს სხვა არაერთი შეზღუდვაც დაუწესდათ. ახალი რეგლამენტი 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

“კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელსაც ახალი რეგლამენტი გადაჭრის, მომხმარებლის თანხმობის გარეშე დამატებითი სერვისების გააქტიურებას ეხება. ბოლო პერიოდში აღნიშნული სერვისების თანხმობის გარეშე გააქტიურებას აბონენტების სერიოზული პროტესტი მოჰყვა, ცვლილებების შედეგად ვერცერთი კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვერ გაუაქტიურებს,” - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კიდევ ერთი ცვლილება როუმინგის სერვისის ლიმიტებს ეხება. იმისთვის, რომ მომხმარებელი როუმინგიდან გამომდინარე მოულოდნელი გადახარჯვის წინაშე არ დადგნენ, კომპანიებს მომხმარებელთან როუმინგის ლიმიტის წინასწარი დამტკიცება დაევალებათ. ლიმიტის ამოწურვის დროს კი სერვისის მიწოდება შეწყდება.

“კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს როუმინგული მომსახურების მიღების მსურველი პირისთვის უცხო ქვეყანაში ჩასვლამდე ფინანსური ლიმიტების შესახებ ინფორმირება. ცვლილების შესაბამისად, მომხმარებელთან შეთანხმებით დადგინდება სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება შეწყდება და მომხმარებელს დამატებით დავალიანება არ დაერიცხება. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება მექანიზმი, აკონტროლოს და თავიდან აიცილოს დამატებითი მომსახურების ხარჯი. მომხმარებელს ხარჯის კონტროლის მექანიზმი ექნება ასევე მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიღებისას, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს მომსახურების ლიმიტი, ბალანსი ან ვადა ეწურება, კომპანია ვალდებულია, მას ინფორმაცია მიაწოდოს.

ასევე, ცვლილებებით დგინდება მომხმარებლის როუმინგში ყოფნის დროს გაწეულ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის წესი, რომლის თანახმად, მომხმარებელს მომსახურების საფასური უნდა დაერიცხოს უშუალოდ გაწეული მომსახურებისთვის,” - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.