მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი 2021 წლის ბიუჯეტით საგარეო დახმარებას 21%-ით შეამცირებს

5e4157324fbe9
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 21:29
1128

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საგარეო დახმარების 21%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ბიუჯეტის პროექტის წარდგენა დღეს იგეგმება.



როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ინიციატივით, 2021 წელს საგარეო დახმარება 55,7 მილიარდი დოლარიდან 44,1 მილიარდ დოლარამდე უნდა შემცირდეს.



აღსანიშნავია, რომ დახმარების ოდენობა უცვლელი დარჩება უკრაინისთვის.



დოკუმენტის თანახმად, 150 მილიონი დოლარიდან 700 მილიონ დოლარამდე უნდა გაიზარდოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალი ეკონომიკური საფრთხეების წინააღმდეგ.



ამასთან, ბიუჯეტის პროექტით 1,1 მილიარდი დოლარი გათვალისწინებული იქნება კიბერუსაფრთხოებისთვის.



გარდა ამისა, 2021 წელს დონალდ ტრამპი გაზრდის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თავდაცვის დაფინანსებას. კერძოდ, სამხედრო ხარჯების გაზრდა 0,3%-ით იგეგმება. ამგვარად, აშშ-ის თავდაცვის ხარჯები 740 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.



დოკუმენტით კვლავ არის გათვალისწინებული თანხა მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის, თუმცა, წინა წელთან შედარებით, 8,6 მილიარდი დოლარის ნაცვლად, ეს თანხა ორი მილიარდი დოლარია.



დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი მომავალი 10 წლის განმავლობაში ხარჯების 4,4 ტრილიონი დოლარით შემცირებას წარმოადგენს.