მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტროტუარებზე ავტომობილებია, საპირფარეშოები მოუწესრიგებელია – ტურისტების პრობლემები თბილისში

5db5b1e36f106
მარიამ ადამია
27.10.19 19:15
1920
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2018-ში არსებულ რაოდენობასთან მიმართებით 2.8%-ით მეტია. ამასთან, გასულ თვეში ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 0.6%-ით და მათმა რაოდენობამ სექტემბერში 539 524 შეადგინა - ეს რიცხვიც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2019 წლის იანვარი-აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შემოსავალი 2.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.

ამ მაჩვენებლების ფონზე, BM.GE დაინტერესდა, ძირითადად რა სახის პრობლემებს ხვდებიან ტურისტები საქართველოში ვიზიტისას. თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა უმეტესობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს.

ტურისტები აღნიშნავენ, რომ დედაქალაქში ფეხით გადაადგილება რთულია, შესაბამისი ბილიკები სასიარულოდ გამოყოფილი არ არის, ტროტუარები მოუწესრიგებულია და იქ ხშირ შემთხვევაში, ავტომობილებია გაჩერებული, გარდა ამისა, საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოუწესრიგებელია.

ტურისტების დეტალური მოსაზრებები ასეთია:

"რალურად იმაზე კარგი აღმოჩნდა საქართველო, ვიდრე მოველოდი, მაგრამ არის პრობლემები, მაგალითად მიწისქვეშა გადასასვლელები მოუწესრიგებელია, ბინძურია და ღამის საათებში განსაკუთრებით მეშინია სარგებლობა. ასევე პრობლემაა ქალაქში გადაადგიილება, დიდი ხანი გვიწევს ლოდინი მაგალითად მეტროში მატარებლის ან თუნდაც ავტობუსების";

"არ მომწონს, რომ ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის არ არის გამოყოფილი საკმარისი ადგილები, რთულია გზის გადაკვეთა, ხშირ შემთხვევაში არც ზებრაზე გვითმობენ გზებს ავტომობილები";

“მეუცნაურა, როდესაც დავინახე ქალაქში აივნები, რომლებიც ჩამონგრევის პირას არის, ფაქტობრივად ერთ ბოძს ეყრდნობა, აივნის ქვევით კი, არ არის გამორიცხული მდიდრული ავტომობილი იყოს გაჩერებული";

"მთავარი პრობლემა, რასაც საქართველოში მოგზაურობისას ვაწყდები, ეს არის უცხო ენების მიმართულებით განათლების ნაკლებობა, რთულია კომუნიკაცია ადგილობრივებთან. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, უნდა აღნიშნოს, რომ სტუმართმოყვარეობა იგრძნობა, თუმცა ხშირია უხეში მოპყრობაც, მაგალითად, მაღაზიებში". 

ამ შეფასებების მოსმენის შემდეგ, BM.GE დაინტერესდა, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს თუ არა სტრატეგია აღნიშული პრობლემების მოსაგვარებლად.

"ადმინისტრაციაში ამჟამად ამ თემაზე მუშა პროცესი მიმდინარეობს", – ეს ის ერთადერთი წინადადებაა, რაც ჩვენ ადმინისტრაციისგან პასუხად მივიღეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, დედაქალაქში ტურისტების მომსახურებაზე, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გამართვის კუთხით, პასუხისმგებელი თბილისის მერიაა, BM.GE-მ კითხვებით მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ანდრია ბასილაიას მიმართა.

"ჩვენ ვაღიარებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არის პრობლემა და ვმუშაობთ მათი გადაჭრის გზებზე. მიმდინარეობს ამ მიმართულებით რეფორმები და გარდა იმისა, რომ მთლიანად ვცვლით ავტოპარკს, კომპანია "სისტრა" მუშაობს კვლევაზე, რომელიც ოპტიმიზაციას გაუკეთებს მთლიანად ტრანსპორტის სისტემას.

ასევე, ვმუშაობთ საპირფარეშოების მიმართულებითაც და სავარაუდოდ ორ წელიწადში, დედაქალაქში ეს პრობლემა მოგვარებული იქნება", - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ტურიზმი თბილისის ბიუჯეტში

თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერისთვის დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცალკე თანხა არის გამოყოფილი – 289.5 ათასი ლარი, საიდანაც 6 თვეში 151.9 ათასი, ანუ გეგმის 52% დაიხარჯა.

თბილისის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში თანხა შემდეგ ღონისძიებებს მოხმარდა: თბილისის მერიის თანამშრომლები დაესწრნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ქ. ბერლინი) გამართულ ტურისტულ გამოფენას „ITB BERLIN”; გადახდილი იქნა თბილისის ტურისტული პოტენციალის შესასწავლად ტურიზმის სექტორის ბეჭდური და ციფრული გამოცემების ჟურნალისტების, ბლოგერების და ტურისტული ასოციაციების წარმომადგენლების ვიზიტის ხარჯები, ქალაქ თბილისის "ევროპის ქალაქების მარკეტინგში" და "საუკეთესო ევროპული მიმართულებებში" გაწევრიანების ხარჯები; თბილისის მერიამ მონაწილეობა მიიღო: ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ღონისძიებაში, ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენის, ტურიზმის კონფერენციისა და ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალის მიმდინარეობაში, რეგიონალურ შეხვედრაში "სასტუმროს ქართული ბრენდი გლობალურ ბაზარზე", ღონისძიების "ღამის ეკონომიკის განვითარება" ფარგლებში "თბილისის სტარტაპ ბიუროს" ერთობლივი პროექტის - night Lab-ის პირველ ჰაკათონში მონაწილე სამი გამარჯვებული გუნდის დაჯილდოების ცერემონიაში. ასევე, თბილისის მერიამ ორგანიზება გაუწია ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის თემატური ტრენინგების ჩატარებას.

გარდა ამისა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში, მერიამ ახალი ტურისტული რუკები დაბეჭდა.