09.ოქტომბერი .2020 15:36

„თუ ანაკლიის პორტის აშენება ნამდვილად განზრახულია, მეტი თანხა უნდა იყოს ბიუჯეტში"

views 352
უკან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დეპუტატებს ბიუჯეტის 2021 წლის პროექტს აცნობს.

კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ ბიუჯეტის პროექტის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს ეხება.

„თუ ანაკლიის პორტის აშენება ნამდვილად განზრახული ამბავია, 1,5 მლნ ლარზე ბევრად მეტი უნდა იყოს ჩადებული სახელმწიფოს მხრიდან. პორტს რა თქმა უნდა ინვესტორი ააშენებს, მაგრამ არ მგონია, რომ სახელმწიფოს მხრიდან 1,5 მილიონი იყოს საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც დაიწყოს ამ პორტის მშენებლობა“, - მიმართა არველაძემ გიორგი კაკაურიძეს.

კაკაურიძე საპასუხოდ ამბობს, რომ თანხა რა თქმა უნდა ცოტაა და ეს თანხა მხოლოდ ინვესტორთან საკომუნიკაციოდ დაიხარჯება.

„ანაკლიის ნაწილში სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები რა თქმა უნდა ბევრი ექნება, მათ შორის 60 მლნ ლარამდე მხოლოდ მიწების გამოსყიდვისკენ იქნა მიმართული. ეს მილიონნახევარი არის უბრალოდ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირებისთვის, რომელსაც ინვესტორთან ექნება კომუნიკაცია-კონსულტაცია და ამას შეიძლება დაემატოს იურიდიული მომსახურეობის თანხაც.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, თანხა იქნება მაგალითად საგზაო ინფრასტრუქტურისთვის და ეს თანხა გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროში. გარდა ამისა, ინვესტორთან რა მოლაპარაკება და შეთანხმებაც დაიდება, იქნება გათვალისწინებული იმ წლის ბიუჯეტში, რომელ წელსაც პროექტის ის ნაწილი უნდა განხორციელდეს“, - უპასუხა კაკაურიძემ არველაძეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა