მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ მდიდარი ხალხი არ მოვიზიდეთ, ყოველთვის სუსტი ქვეყანა ვიქნებით - "ბიოლის" დამფუძნებელი

60f2fa087871a
BM.GE
17.07.21 19:23
1256
"ჯერ აქ 10% მაქვს გაკეთებული იმისა, რაც მაქვს გეგმაში"- ასე პასუხობს "ბიოლის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე #Forbestalks-ში ჟურნალისტს და ყვება, როგორ შეარჩია ველნეს ცენტრის განვითარებისთვის კოჯრის ტერიტორია.

"ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც ბუნებიდან ვიღებთ, არის ჰაერი. ჰაერის ხარისხი კი არის უმთავრესი. მეცნიერულად, ზღვის დონიდან 1000-დან 1500 მეტრამდე სიმაღლე არის ყველაზე კარგი სიმაღლე ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით. ამიტომაც ეს იყო პირველი კრიტერიუმი, რითიც ვიხელმძღვანელე. მეორე პრიორიტეტი იყო დედაქალაქთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ პერსონალის ინტელექტი და ასევე დედაქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა გამოგვეყენებინა. ფეხით მოვიარე თბილისის შემოგარენი და აღმოვაჩინე ეს ადგილი. წლების განმავლობაში ჯერ ადგილობრივებისგან ვყიდულობდი ნაკვეთებს, შემდეგ კი სახელმწიფოს მივმართე საინვესტიციო წინადადებით, რომ ტყის ნაწილიც მჭირდებოდა კურორტის გასაკეთებლად, ოღონდ ფული ჩადე და 1 ლარად მოგცემთო. თუმცა, მე ვუთხარი რაც ღირს, იმ ფასად ვიყიდი მეთქი და მართლაც ასე მოხდა. ჯერ აქ 10% მაქვს გაკეთებული იმისა, რაც მაქვს გეგმაში"-აცხადებს თამაზ მჭედლიძე.

ბიზნესმენის თქმით, უკვე 80-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა “ბიოლში” ნამყოფი. თვლის, რომ საქართველოს ველნეს ინდუსტრიის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

"ვერ გეტყვით რომელი ქვეყნები დომინირებს, მაგრამ შეიძლება ისრაელის, სპარსეთის ყურის ქვეყნების გამოყოფა. მათ შორის ყატარი, ქუვეითი, საამიროები. საამიროებიდან ჩამოსულებისთვის ეს არის სასწაული, აქ მათთვის “3D” ბუნებაა. თუმცა, ევროპიდანაც ბევრი ვიზიტორი გვყავს, ასევე ლათინური ამერიკის რეგიონიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან. ძალიან მიხარია, რომ მთელმა მსოფლიომ შეიძლება გაიცნოს საქართველო. საქართველო უნიკალური და სასწაულია, ეს უნდა იყოს „ლაქშერი“ ქვეყანა. ამიტომაც აქ რაიმე თუ გაკეთდება, უნდა იყოს მაღალი დონის. ჩვენ თუ არ მოვიზიდეთ მდიდარი ხალხი, ყოველთვის სუსტი ქვეყანა ვიქნებით.

ყველას უკვირს, ამხელა ტერიტორიაზე, ამდენი ფულის ინვესტირება ამ ადამიანს რამ გადააწყვეტინაო. აქ არის სულ 32 ჰექტარის ფართობის ტერიტორია და მხოლოდ 13 კოტეჯი, თუმცა ეს ჯერჯერობით. მე აქ შევქმენი ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ეს არის ქართული ველნესი, რასაც სჭირდება დამუშავება. შესაბამისი პერსონალის მომზადება. იქმნება აბსოლუტურად ახალი და უნიკალური ინდუსტრია Georgian Wellness - ქართული ველნესი.

საქართველოში რომ ტურისტი ჩამოვა, უნდა იცოდეს, რომ თაფლი ქართულია, ღვინო საქართველოდან მოდის, ეს ყველაფერი კარგად შესაფუთია. სხვათა შორის, ჩვენ ახალი სპეციალობაც კი დავარეგისტრირეთ. ეს არის ველნეს-თერაპევტი, რომელსაც ეცოდინება ავადმყოფობის მკურნალობის კი არა, ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნოლოგიები. ასევე, ვაპირებთ შევქმნათ ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებით, რათა ახალი ცნება - ქართული ველნესი - მსოფლიოში ამის მეშვეობითაც გავიტანოთ.
აქ ჯამში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია მაქვს უკვე განხორციელებული. ყველანაირი ინფრასტრუქტურა ჩვენ თავად გავაკეთეთ. სახელმწიფო არ დაგვხმარებია"-აცხადებს ბიზნესმენი.