მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ვინმეს ხელფასი შეუმცირდა, ე.ი. ადგილი აქვს მანიპულაციას - მინისტრი მინიმალურ ხელფასზე

63ecceb369d8f
მარიამ დემეტრაშვილი
15.02.23 16:21
521
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შრომის ინსპექცია აქტიურად ამოწმებს, ასრულებენ თუ არა სამედიცინო დაწესებულებები მინიმალური ხელფასის შესახებ რეგულაციას. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა, მედპერსონალის ხელფასი ელექტრონულად, ბაზების საშუალებით გაკონტროლდება.

„შრომის ინსპექცია მყისიერად რეაგირებს დასაქმებულების მხრიდან დაფიქსირებულ ყველა პრობლემაზე, რათა მათი უფლებები იქნას დაცული. ამ მომენტისთვის არ გვაქვს მნიშვნელოვანი და ძალიან მკვეთრი დარღვევები, რადგან შრომის ინსპექცია ძალიან აქტიურადაა პროცესში ჩართული. ვფიქრობ, ამ თანამშრომლობის შედეგად ეს პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება და აღარავის ექნება სურვილი, რომ დასაქმებულს იმ მინიმუმზე ნაკლები ხელფასი გადაუხადოს, ან ხელოვნურად სხვა პოზიციაზე დანიშნოს. მოგეხსენებათ, ამას ელექტრონულადაც გავაკონტროლებთ და ბაზებში ვნახავთ ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც ხელფასი შეუმცირეს ან სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. შევადარებთ გასული პერიოდის ანაზღაურებას და თუ ვინმეს ხელფასი შეუმცირდა, ეს უკვე იმის სიგნალია, რომ ტექნიკურ მანიპულაციას აქვს ადგილი. ამაზე სწრაფი რეაგირება იქნება“, - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, მთავრობის დადგენილების თანახმად, ექიმების მინიმალური ხელფასი 1 260 ლარით, ხოლო ექთნების - 792 ლარით განისაზღვრა. ამასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციას 2023 წლიდან ახალი მანდატი დაემატა - რამდენად ასრულებენ კლინიკები დადგენილ რეგულაციას, საკითხს შრომის ინსპექცია შეისწავლის.