მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტებს QR-კოდები მიენიჭებათ“ - ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ აპლიკაციაზე მუშაობს

60897e3c36afc
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.21 19:34
2095
ჯანდაცვის სამინისტრო ტურისტების უსაფრთხო მიღებისთვის სპეციალურ აპლიკაციაზე მუშაობს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სრულად აცრილი ტურისტების სახმელეთო გზითაც შემოშვების ინიციატივას შეეხებოდა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტები იყვნენ გატესტილები ან სრულად აცრილები, რის გასაკონტროლებლადაც აპლიკაციაში თითოეულ ვიზიტორს სპეციალური QR-კოდი მიენიჭება.

„ვმუშაობთ აპლიკაციაზე, რომელიც QR-კოდში თითოეული პერსონის აღრიცხვას გულისხმობს და ამის საშუალებით ჩვენ და კერძო სექტორი მხოლოდ იმ ადამიანის მიღებას შევძლებთ, ვინც 72 საათის განმავლობაში გატესტილია და კოვიდ თავისუფალია ან ორმაგად ვაქცინირებულია, რადგან როგორც ვიცით, ერთმაგი ვაქცინაცია არ იცავს. ეს ყველაფერი ამ პორტალზე აისახება და კერძო სექტორის ოპერირებისთვის კარგი ინსტრუმენტი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახმელეთო საზღვრის გახსნის შემთხვევაში, გარკვეული გამოწვევები არსებობს და სახელმწიფოს გაწერილი უნდა ჰქონდეს ის წესები, რომლების შემოსული პირის ინფიცირების დადგენის შემთხვევაში იმოქმედებს.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან მიმართებით რამდენიმე გამოწვევა გვაქვს. პირველ რიგში, ეს მდგომარეობს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რათა არ შეიქმნას სასაზღვრო ზოლში საცობები. თუ თითოეულ მოქალაქეს დაუფიქსირდება კოვიდი, უნდა გვქონდეს მკაფიო პასუხი და ვიცოდეთ, რა არის ჩვენი გადაწყვეტა - სახელმწიფო იღებს ამ მოქალაქეს თუ აბრუნებს ქვეყნიდან. თუ ეს პიროვნება არ არის იმ ქვეყნის რეზიდენტი, საიდანაც ის საქართველოში შემოდის, მაშინ პასუხისმგებლობების გადანაწილება რთულდება.

მნიშვნელოვანია სადაზღვევო კანონის ცვლილებები და საჭიროებები, სადაც ჩვენ ცალსახად უნდა მოვითხოვოთ სავალდებულო დაზღვევა, სადაც სახელმწიფო გარანტირებული იქნება, რომ ყველა ის საჭირო სამედიცინო მომსახურება, რომელიც კოვიდთან კავშირში იქნება, ანაზღაურდება, ვინაიდან დღეს გვაქვს რიგი შემთხვევები, როდესაც ტურისტს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა და ის უარს აცხადებს გადახდაზე.

სახელმწიფოს ძირითადი პარტნიორი ამ შემთხვევაში კერძო სექტორია და ჩვენ გარკვეული ვალდებულება გვიჩნდება, რომ კერძო სექტორს ის დანაკარგი ავუნაზღაუროთ და ეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ტვირთია და ჩვენი მოქალაქეებისთვის დანაკარგია და ეს უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

მან შრომის ინსპექციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს უსაფრთხო გარემო დახვდეთ.

„მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის მუშაობა კერძო სექტორთან და სასტუმროების თუ რესტორნების ხარისხობრივ კომპონენტში განვითარება, რაც გულისხმობს ვენტილაციის სისტემების და მოცულობითი შესაძლებლობების ზუსტ დადგენას და სწორ აღსრულებას, რათა არ იყოს გადაცდომები ამ მიმართულებით და ტურისტს თუ შევთავაზებთ უსაფრთხო გარემოს, ის ნამდვილად უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს, ამაზე პასუხისმგებლები ვართ “, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მან ამ ნაწილში სამინისტროების მიერ აღებულ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო  კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის მზად იქნება.

„კერძო სექტორის მხრიდან მომსახურების ხარისხობრივი გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად ვიცით, რომ პანდემიის დაწყებისთანავე ჰოსპიტლებში მიუხედავად მათი კომერციული ინტერესებისა, სათანადო აღჭურვილობა არ იყო, მაგრამ სახელმწიფომ შეიძინა და დროებითი მოხმარებისთვის მათ გადასცა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორი სამინისტროები მზად არიან, ჩაერთონ ამ პროცესში, რათა ამ მიმართულებით მათი წახალისება მოხდეს“, - თქვა მინისტრმა.