მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტულ ინდუსტრიას დავპირდი, რომ მათ სატკივარს დეტალურად განვიხილავთ - თურნავა

5e629b74e8afa
BM.GE
06.03.20 23:15
829
„მადლობა ოპოზიციას შემოთავაზებისთვის, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ნებისმიერი ოპოზიცია, პასუხს აგებს მხოლოდ თავის განცხადებებზე, ხოლო ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული,“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ ეთერში გამოსვლისას ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებებზე, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს შეეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტიდან რომელიმე ერთი ინდუსტრიის დახმარებაზე, აუცილებლად უნდა გავთვალოთ, სხვა რომელ ინდუსტრიას, პროგრამას ან კატეგორიას მოაკლდება ეს თანხა.

„შესაბამისად, ეს ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანია და მე თავს ვერ მივცემ ასეთი დაპირების გაცემის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან კარგად ჟღერდეს განცხადება - „მოდი გადავდოთ გადასახადები“, მაგრამ დღეს ამის თქმა ეკონომიკის მინისტრისგან უპასუხისმგებლო განცხადება იქნება. მე დავპირდი ტურისტულ ინდუსტრიას, რომ ეკონომიკურ გუნდში მათ სატკივარს ძალიან დეტალურად, ყველა პლუსით და მინუსით, განვიხილავთ. მათ შორისაა საკითხები, რომლებიც უფრო მეტი უწყების ჩართულობას მოითხოვს, ხოლო არის საკითხები, რომლებიც უფრო მარტივად წყდება. ვფიქრობთ, უახლოეს ორ კვირაში გვექნება ნათელი სურათი, რას ვაკეთებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„ჩვენ ტურიზმის სექტორთან ერთ რამეზე შევჯერდით, რომ საქართველო, როგორც უსაფრთხო, მათ შორის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტურისტული ბაზარი, არის მთავარი მესიჯი და ამაზე ჩვენ ყველანი ვისაუბრებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.