მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის ადმინისტრაცია, გარდა კოვიდ-სასტუმროების მართვისა, ყველაფერს სწორად აკეთებს“

5f5b8faebaf65
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.20 09:40
1064
ყველაფერს, რასაც ტურიზმის ადმინისტრაცია აკეთებს, გარდა კოვიდ-სასტუმროების მენეჯმენტისა, თვისობრივად სწორია - ასე აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობას ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე.

მისი შეფასებით, სახელმწიფომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საკარანტინე ზონებისთვის სასტუმროების შესყიდვები ტურიზმის ადმინისტრაციას დაავალა.

„ერთი, რაც არ არის სწორი და ალბათ ეს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, არის ის, რომ საკარანტინე სივრცეებისთვის სასტუმროების სახელმწიფო შესყიდვების ოპერატორები გახდნენ.

სახელმწიფოს მათთვის არ უნდა დაევალებინა ეს. მათთვის შეიძლება დაევალებინათ პროფესიონალური მოსაზრება და კონსულტირება, ხოლო შესყიდვები შესყიდვების სააგენტოსთვის დაევალებინათ“, - ამბობს „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი.

საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციას პანდემიის პერიოდში თავისი რესურსი პანდემიის პირობებში ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაზე უნდა მიემართა.

„ადმინისტრაციას უნდა ემუშავა მომავალ გეგმებზე, კოვიდის მეთოდების დანერგვაზე, რასაც აკეთებდა კიდეც, მაგრამ ენერგიის 100% ამას უნდა მოხმარებოდა და შეიძლება 5%-ით კარგ მრჩეველად დადგომოდა სახელმწიფო უწყების რომელიღაც სხვა სააგენტოს სასტუმროების შესყიდვების მიმართულებით. თვითონ ამაში სჯობდა არ ყოფილიყო, რადგან არ მომხდარიყო მისი შესყიდვებთან ასოცირება.

საქმიანობის თვალსაზრისით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზუსტად იმ საქმეს უნდა ასრულებდეს, რასაც ასრულებს - ქვეყნის საგარეო ხელშეწყობა, კომუნიკაცია, ქვეყანაში ავიაკომპანიების მოზიდვა, რომ ტურისტული ჰაბი გაძლიერდეს, კერძო კომპანიებთან ერთად მარკეტინგზე მუშაობა და გაყიდვების ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში.

მთელი მსოფლიოს ადმინისტრაციები ამას აკეთებენ და ეს მუშაობს“, - განმარტა საბა კიკნაძემ.