მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ რეგულაციები დააანონსა, ე.ი. კურორტები არ ჩაიკეტება - Inn Group

6187c7b0996d4
მარიამ ვარადაშვილი
08.11.21 00:07
737
ტურიზმის ადმინისტრაციამ რამდენიმე კვირის წინ შეგვატყობინა, რომ ზამთრის კურორტებზე გარკვეული რეგულაციები დაწესდება, რაც ნიშნავს, რომ კურორტები არ ჩაიკეტება, - ამის შესახებ bm.ge-ს Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე დარგის წარმომადგენლებისთვის ცნობილი არ არის, როდის გაიხსნება სეზონი ოფიციალურად და ამის ცოდნა კარგი იქნებოდა, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით, სეზონის გახსნის გადადების მოლოდინი არ აქვთ.

“სეზონის გახსნაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. როგორც წესი, კურორტების გახსნა ამინდზეა დამოკიდებული, თუმცა გახსნა ოფიციალური ნაწილია, რეალურად სტუმრები მანამდეც ჩამოდიან. რაც შეეხება საბაგიროების გახსნას, ეს დამოკიდებულია ამინდზე, თუ თოვლი ადრე მოვიდა, იმედია სეზონსაც და საბაგიროებსაც უფრო ადრე გახსნიან. ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო კომუნიკაცია დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ შედგა და შეგვატყობინეს, რომ ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები იქნება. ეს ჩვენთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ ზამთრის კურორტები არ ჩაიკეტება,”-აცხადებს კოკაია.

კითხვაზე რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სექტორის წარმომადგენლებმა წინასწარ იცოდნენ გახსნის თარიღი, კოკაია გვპასუხობს: “ჩვენთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯავშნები სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე მიღებული გვაქვს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ ზამთრის კურორტებით ისიამოვნებენ. შესაბამისად, რაიმე სახის ცვლილება იმოქმედებს ჩვენს დაკავებულობასა და ზოგადად ქვეყნაში ტურისტების რაოდენობაზე”.

Inn Group-ის დირექტორი გვეუბნება, რომ დღეისთვის საქართველოში გაუარესული ეპიდემიოლოგიურ ვითარების გამო, მათ შემთხვევაში ჯავშნები არ გაუქმებულა. მისივე თქმით, ვიზიტორებს ჯავშნები დეკემბრის ბოლოსთვისაც აქვთ გაკეთებული, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც ადრე იყო.

“აქამდე ჯავშნებს გაცილებით ადრე ვიღებდით. თითქმის ერთი წლით ადრე ვიცოდით რა სეზონზე როგორი დაკავებულები ვიქნებოდით. პანდემიის გამო მიდგომა შეიცვალა და ჯავშნების ოდენობა იზრდება, როდესაც სეზონს ვუახლოვდებით. ანუ თავად ტურისტები და ქართველი დამსვენებლებიც აღარ რისკავენ, რომ რამდენი თვით ადრე დაჯავშნონ სასტუმრო. დღევანდელი ჯავშნების ოდენობით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, სახარბიელო მდგომარეობა არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ერთ თვეში ვითარება გამოსწორდება და დაკავებულობა ზამთრის სეზონზე აიწევს. ამ ეტაპზე არ ველოდებით, რომ იგივე დონე გვექნება, როგორც 2019 წლის ზამთარში“, - განაცხადა კოკაიამ.

მისი განმარტებით, ფასები შედარებით შემცირებულია, თუმცა რადიკალური შემცირება ხარჯების გამო არ გამოვიდა.

„არის ჯავშნები ბალტიის ქვეყნებიდან, ისრაელიდანაც არის დაინტერესება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ფრენების სიხშირესა და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ამ ეტაპზე დატვირთულობა 2019 წელთან შედარებით დაბალია, დაახლოებით 30-40% თუ იქნება, მაგრამ ეს მაჩვენებელი შეიცვლება სეზონის მოსვლასთან ერთად,”-აცხადებს კოკაია.

BMG ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. გვინდოდა გაგვეგო როდის იხსნება ზამთრის კურორტები ოფიციალურად, უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.