უკვე ცხრა თვე სრულდება, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს. პოსტი ვაკანტური 2020 წლის დეკემბრიდანაა ანუ მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გადაინაცვლა და დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტი დატოვა და ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა - ამჯერად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას კი ამ დრომდე მედეა ჯანიაშვილი ასრულებს და უცნობია, რატომ არ აცხადებს ნათია თურნავას უწყება კონკურსს.
მართალია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს, არსებობს თანამდებობა „ხელმძღვანელის მრჩეველი“ და ამ პოსტზე დასაქმებული პირის ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 4 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, ისევე როგორც უწყებების უმრავლესობამ, „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე bm.ge-ის უარი უთხრა და მიზეზად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა შესაბამისი მუხლი მოიყვანა, მათ შორის ის, რომ „აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს“.
თუმცა გადაცემა „ანალიტიკის“ მიერ „უცნობ მრჩევლებზე“ მომზადებული მიმოხილვის შემდეგ, tv “პირველი“ ტურიზმის ადმინისტრაციის შენობაში ფიზიკურად მივიდა და გაარკვია, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის პოსტი დავით ელისაშვილს უკავია. აღნიშნული ოფიციალურ ვებგვერდზეც იძებნება.
დავით ელისაშვილის შესახებ ინტერნეტში ძალიან მწირი ინფორმაციაა.