ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, იანვარ-ივნისში პროგნოზები სრულად გამართლდა და საქართველოში 2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი შედგა.
მისივე თქმით, ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და მოლოდინები პოზიტიურია.
„პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, 2 მილიონს გადააჭარბა საერთაშორისო მოგზაურების ოდენობამ საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოლოდინები წლევანდელ წელთან დაკავშირებით, პროგნოზი რაც იყო აბსოლუტურად გამართლდა და სწორად მივდივართ. რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ჩვენ შევხედავთ მესამე კვარტალის ბოლოს რა ციფრებს მივიღებთ.
ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, ტრენდი ამას აჩვენებს. პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, რომ ვისაუბროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღსანიშნავია ევროპის ქვეყნებიდან და ბრიტანეთიდან ზრდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩევიან საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე დიდი ბრიტანეთი. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ძალიან კარგი შედეგია. ეს სწორი პოლიტიკის გატარებით მიიღწევა, რაც გულისხმობს ბაზრის დივერსიფიკაციას, ფრენების დამატებას, სიხშირეების გაზრდასა და სწორ მარკეტინგულ კამპანიებს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების მზარდ სტატისტიკას სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით ხსნის.
ცნობისთვის, წლის პირველ ნახევარში საქართველოს ძირითადად რეგიონის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, ხოლო ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ვიზიტორების სტატისტიკის პირველ ათეულში არ შედის.