19.ოქტომბერი .2019 14:40

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: გიდების მუშაობის რეგულირება არ იგეგმება

views 298
უკან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, გიდების მომსახურების სფეროსთვის რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.

როგორც ქვრივიშვილმა bm.ge-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ამ ეტაპზე საკანონმდებლო მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს სერტიფიცირებული გიდების სამუშაო პირობებს მხოლოდ გააუმჯობესებს.

"ვმუშაობთ პარლამენტის კონკრეტულ ჯგუფთან ერთად იმისთვის, რომ არსებობდეს განახლებული საკანონდებლო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ბუნებრივია, არაფრით არ უნდა შევზღუდოთ ადამიანების დასაქმების შესაძლებლობა, პირიქით, თუკი იქნება რაიმე სახის სერტიფიცირება ან აკრედიტაცია, მათ ექნებათ გაუმჯობესებული პირობები, თუმცა ვისაც არ ექნებათ, არც მათ შეეზღუდებათ გიდად მუშაობის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ არ შევზღუდოთ ეს სფერო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ბაზარი დინამიურია და თავისით არეგულირებს. ჩვენი, როგორც ადმინისტრაციის ფუნქცია არის ის, რომ გავაუმჯობესოთ ის გარემო, რომელიც არსებობს და არავითარ შემთხვევაში არ შემოვიღოთ ისეთი რეგულაცია, რომელიც დასაქმების საშუალებას შეზღუდავს", - განაცხადა ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ადმინისტრაცია არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.