მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის მარკეტინგის ბიუჯეტი რომ ვაქცინაციის კამპანიას მოვახმაროთ, უფრო ეფექტიანი იქნება - კახა სამყურაშვილი

61756716a6b1c
მარიამ ადამია
24.10.21 19:00
607
“ტურიზმის მარკეტინგული ხარჯი მნიშვნელოვანი და საჭიროა, თუმცა დღეს ეს ფული, რომ ვაქცინაციის კამპანიას მოვახმაროთ უფრო ეფექტური იქნება ქვეყნისთვის, რომ დავეწიოთ სხვებს და ამოვიდეთ ე.წ. წითელი ზონიდან”- ამის შესახებ, გადაცემა „საქმიან დილაში“, Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, წელს შედარებით ნაკლებად ეფექტიანი იქნება თითოეული ლარი, რასაც ამ თვალსაზრისით გავიღებთ, რადგან როგორადაც არ უნდა მოვინდომოთ, არიან კატეგორია მოგზაურების, რომლებიც ახლა უბრალოდ არ იმოგზაურებენ.

„მაქსიმალურად ხელმომჭირნეთ უნდა დავხარჯოთ მარკეტინგზე ფული, რადგან დღეს დახარჯული ერთი ლარი არის ბევრად ნაკლები, ვიდრე პირობითად, 2022 წლის მარტში დახარჯული თანხა, რადგან ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის უკვე დაძლეული იქნება ეს საფრთხეები და უკვე სხვა მოცემულობა გვექნება, დღეს კი ფულს მაქსიმალურად ტარგეტულად და მიზნობრივად უნდა ვხარჯავდეთ,“ - აღნიშნა სამყურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მარკეტინგულ სტრატეგიაში წელს 3.3 მლნ ლარს ხარჯავს, რაც Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის აზრით, არ არის დიდი თანხა, თუმცა მეტის დახარჯვის აუცილებლობაც არ დგას.

"უბრალოდ ადამიანების განწყობები და გარემოა ისეთი, რომ მარკეტინგული აქტივობები ვერ უშველის. არ ვფიქრობ, რომ ეს თანხა ძალიან დიდია, მაგრამ უფრო დიდის დახარჯვის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ", - განაცხადა სამყურაშვილმა.

რაც შეეხება მიზნობრიობას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში ფულის დახარჯვას დიდი აზრი არ აქვს.

"ალბათ მიზნობრივი ბაზარი უნდა იყოს უახლოესი მეზობლები და ის ქვეყნები, საიდანაც აცრილები შემოდიან, სწორედ აქეთ უნდა გადამისამართდეს ალბათ მარკეტინგზე გათვლილი ფული", - აღნიშნა სამყურაშვილმა.