მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმში დასაქმებულთა ხელშეწყობის პროგრამები დასახვეწია - ია თაბაგარი

5f129c661447e
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 13:00
1071
ტურიზმში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელშეწყობის პროგრამები გადასახედი და დასახვეწია - განუცხადა BM.GE-ს ტურისტული კომპლექსი Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის დამფუძნებელმა ია თაბაგარმა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში გამოკვეთილი გამოწვევების გარდა, ტურიზმის სექტორში მანამდეც არაერთი პრობლემა არსებობდა, რომელიც გადაჭრას მოითხოვს.

„პანდემიის პირობებში მძიმე ტვირთად გვაწევს იურიდიული პირებისთვის დაწესებული მაღალი კომუნალური გადასახადები და ვთვლით, რომ ტურისტული ობიექტებისა თუ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელშეწყობის პროგრამები გადასახედი და დასახვეწია. გარდა ამისა, რთულია ვისაუბროთ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმზე, როდესაც არც ერთ რეგიონში არ არის მოგვარებული საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემა, ხოლო სოფლის მეურნეობის განვითარება წყლის გარეშე ხომ სრულიად წარმოუდგენელია“, - აღნიშნავს ია თაბაგარი.

ტურისტული კომპლექსის დამფუძნებელი Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის ამოქმედების პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ დასაწყისისთვის მათთვის რთული იყო როგორც კვალიფიციური კადრების მოძიება, ასევე ეკოსისტემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებთან გამკლავება, რადგან საცხენოსნო რანჩო, ლუდსახარში და სასტუმრო კომპლექსი, სწორედ ეკო-გარემოს შექმნას მოიცავდა.

„დასაწყისში საკმაოდ რთული იყო შესაბამისი გამოცდილების, ცოდნისა თუ უნარების მქონე კადრების მოძიება; ასევე უნდა აღვნიშნოთ უწყლოობის პრობლემა კახეთში, გარემოს დაბინძურება. მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ ჩვენს გარშემო არ არის დაცული ტერიტორიები, შესაბამისად რთულია დავიცვათ გარემო მაგალითად ხეების უკანონო ჩეხვისგან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წლებია კახეთში დგას მიწების ნარჩენებისგან გასუფთავების მიზნით დაწვის პრობლემა, რომელიც გარდა ეკოსისტემის დაბინძურებისა, ანადგურებს ქარსაცავს და აჩქარებს გაუდაბნოების პროცესს”, - უთხრა BM.GE-ს ია თაბაგარმა.

ცნობისთვის, საცხენოსნო რანჩო სოფელ ქედელში 2012 წლიდან ამოქმედდა, ხოლო სასტუმრო კომპლექსი და ლუდსახარში 2018 წლიდან. ჯამში ტურისტული კომპლექსის მოსაწყობად ამერიკელი პარტნირების მხარდაჭერით 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.