მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმში სწორება 2017 წლის შედეგებზე უნდა გვქონდეს“ - ალავერდაშვილი

5ffaaace174b4
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.21 12:22
1137
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელის შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, ტურიზმში ქვეყანამ სწორება 2017 წლის შედეგებზე უნდა გააკეთოს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ტურიზმის აღდგენის პროგნოზებზე საუბრისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 1 194 433-ით (18.8%) მეტი იყო.

გაეროს მსოფლის ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშის მიხედვით, კი 2017 წელი მსოფლიო ტურიზმის სექტორისთვის პოზიტიური იყო, რა დროსაც 2010 წლის შემდეგ მსოფლიოში ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა. UNWTO-ს მონაცემებით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა, ეგვიპტის, ვიეტნამისა და ტოგოს შემდეგ საქართველო მეოთხე ადგილზე პოზიციონირებდა.

შალვა ალავერდაშვილი თვლის, რომ პანდემიის შემდეგ ტურიზმის ამოქმედების დროს ქვეყნის ორიენტირი სწორედ ასეთ ზრდაზე უნდა იყოს მიმართული.

„გვაქვს მოლოდინი, რომ 2022 წლიდან ტურიზმის მაჩვენებლები 2019-სას გაუთანაბრდება; 2023 წელი იქნება 2018 წლის მსგავსი და 2024 იქნება 2017 წლის ანალოგიური. ჩვენი სწორება უნდა იყოს 2017 წლის შედეგებზე, რადგან ეს წელი საქართველოს ტურიზმის ისტორიაში იყო ყველაზე მაღალშემოსავლიანი სექტორისთვის“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის მზაობა უკვე არის, თუმცა ყველაფერი ისევ და ისევ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარეობს როგორ და რა ტემპებით აღდგება ტურიზმის როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. თუმცა სასტურმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სექტორი და ქვეყანა ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყოს.

„ჩვენს პარტნიორებთან საუბრისას ჩანს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველოს მიმართულებით მოგზაურობის სურვილი რიგი ქვეყნებიდან - პოსტ საბჭოთა სივრციდან, გერმანიიდან, ტაილანდიდან და კორეიდან არ შემცირებულა.

ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენის პირველი ნიშნები აპრილი-მაისში გაჩნდება, რა დროსაც ჯერ პულსი გაგვესინჯება და ეს არ იქნება მასიური ტურიზმი, თუმცა მაქსიმალურად უნდა მოვემაზდოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ტურიზმის სექტორი ბუმით გაიხსნას. ანუ შესაძლებელია ვირუსის გადავლის შემდეგ ადამიანებმა სწრაფად მოგზაურობა დაიწყონ. ბევრთან მაქვს საუბარი და ისინი მოგზაურობისთვის მზაობას გამოთქვამენ. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა პირველ ადგილზე დავაყენოთ და ტურისტებს მაღალი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ“, - განმარტავს შალვა ალავერდაშვილმა.