17.ოქტომბერი .2019 12:22

თურნავა: ანაკლიის პორტის პროექტზე სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ

views 303
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ არის ცალსახად გამოხატული და ამ პროექტის მიმართ სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა - ინვესტორები რამდენად სერიოზულად შეხედავენ პროექტს მაშინ, როცა სახელმწიფოსა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის ურთიერთობები დაძაბულია.

"ანაკლიის პორტის პროექტი არის ერთადერთი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაშია შეტანილი. ეს თავისთავად არის უმაღლესი დასტური იმისა, რომ ჩვენთვის ეს პროექტი პრიორიტეტულია. მსგავსი პროექტები ყველგან მთავრობის მხარდაჭერის ფონზე ხორციელდება. მთავრობის მხარდაჭერა არის ცალსახად გამოხატული პროექტის მიმართ. გამომდინარე იმ მაღალი რეიტინგებიდან, რაც ამ ბოლო დროს კიდევ უმჯობესდება (გულისხმობს საინვესტიციო გარემოს), ასევე გამომდინარე იქიდან, რაოდენ დიდი მხარდაჭერა გამოხატა უკვე მთავრობამ - სიტყვით, საქმით თუ ფინანსურად, ამ პროექტის მიმართ სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.  

ცნობისთვის: მაია ცქიტიშვილმა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის მოცულობის სესხებზე წინასწარი თანხმობის მოპოვებისთვის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე მისცა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით, ამ ეტაპზე ვადებზე საუბარი არაკონსტრუქციული იქნება და მთავარ პრიორიტეტს მთავრობას, კონსორციუმს, ახალ ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქმიანი დიალოგის უზრუნველყოფა წარმოადგენს.