მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა ანაკლიის პორტზე: ზედმეტად დაგვიანდა... იმედია, მომავალი წლიდან პროექტს დავძრავთ

5daeda1591aed
ლიკა გურაბანიძე
22.10.19 14:29
962
„რა თქმა უნდა, ანაკლიის  პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ამ პროექტს უკვე დავძრავთ,“ - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თემის კომენტირებისას განაცხდა.


როგორც თურნავა აღნიშნავს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს საქართველოს გარდა „მთელი დერეფანი“ ელოდება.


„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ყველა ჩვენს პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. როდესაც  ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ გავხადოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტური, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების და განვითარების გარეშე შეუძლებელია ამის მიღწევა, ამიტომ ძალიან ბევრი ქვეყანა ამ პროექტით ინტერესდება.


ჩვენ ამ პროექტის ძალიან მაღალ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ და ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, თუ როგორ უჭერს მხარს მთავრობა ამ რთულ, მაგრამ საჭირო პროექტის განხორციელებას.  ყოველთვის ღია ვართ ამ პროექტთან დაკავშირებით ყველა დისკუსიისთვის. ასეთი ტიპის პროექტები განსაკუთრებით კერძო-საჯარო პარტნიორობას თუკი გულისხმობს, მომზადებისთვის საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა.


დღევანდელი შეხვედრები და დისკუსიები იმას მოწმობს, რომ ამ პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, არა მხოლოდ საქართველო. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოველით, რომ ინვესტორი კომპანია მეტად კონცენტრირდება თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე პოლიტიკურ ჭრილში აქცენტების გადატანაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრის თქმითვე, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ კიდევ ერთი შანსი უნდა მისცეს.  


„არც ისე ბევრი დრო დარჩათ მათ (ანაკლიის განვითარების კონსორციუმს) და ჩვენ კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთ, რომ მათ თავისი ვალდებულებები შეასრულონ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ამ პროექტს უკვე დავძრავთ. ამ საკითხზე სასაუბროდ ნებისმიერ ფორმატში ღია ვართ. კონსორციუმს პროექტის ამ ფორმატში განხორციელებისთვის კრიტიკული პერიოდი დარჩა და ზედმეტი პოლიტიზირება პროექტს ავნებს",  - განაცხადა თურნავამ.


შეგახსენებთ, რომ საქართველომ მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის მოცულობის სესხებზე წინასწარი თანხმობის მოპოვებისთვის ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდე მისცა.