მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა Inter Rao-სთან $80 მლნ-ის წაგებაზე: ეს აჩვენებს თუ რა მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა

61a78a4b1923f
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.21 18:48
1584
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც აცხადებს, რომ მომხდარი საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობას და აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. 

"ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში "ინტერ რაოსთან" მიმდინარე დავის შესახებ საუბრისას.

მინისტრის განცხადებით, რუსული მხარის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ტარიფების ზრდა სრულიად დაუსაბუთებელი იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები (ისინი ითხოვდნენ 200 მილიონამდე კომპენსაციას და ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 80 მილიონზე), მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

დღესვე იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტოკჰოლმის სასამართლოში გაასაჩივრეს. 

რას შეეხებოდა დავა?

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან, ჯერ კიდევ 2008 წელს ხმრამჰესის მათ საკუთრებაში გადაცემის დროს გააფორმა. 

დავის შინაარსი საკურსო სხვაობით მიყენებულ ზარალს უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისიწნებს, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თუმცაღა კომპანია დავობდა, რომ აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებით, საქართველოს უნდა მოეხდინა კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება, გაითვალისწინოს საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების საჭიროება და აანაზღაუროს გაცვლითი კურსისგან მიღებული ზარალი.

საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ 2014 წლის შემდეგ აშშ დოლართან ღირებულების 80%-ზე მეტი დაკარგა. უკვე 2016 წელს Inter Rao-ს ჰოლანდიური შვილობილები მიუთითებდნენ, რომ კურსის გაუფასურების ტარიფში არ ასახვით სახელმწიფო მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს ზიანს აყენებდა და რომ ეს 2003 წელს გაფორმებულ ნასყიდობის შეთანხმებასთან და 2013 წელს გაფორმებულ მემორანდუმთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

სწორედ ამ დოკუმენტების გათვალისწინებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა Inter Rao-ს პოზიციები გაიზიარა და საქართველოს რუსული ენერგოგიგანტის სასარგებლოდ $80 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა.

დავაში საქართველოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტრო და იურიდიული ფირმა White & Case იცავდა, რუსულ ენერგოკომპანიას კი Freshfields Bruckhaus Deringer-ი და Dentons-ი წარმოადგენდნენ.