მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის კადასტრის შექმნისთვის სახელმწიფომ 150 კადასტრის ოფიცერი მოამზადა

636916bf71bf8
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.22 23:00
845
თხილის კადასტრის შექმნისთვის სახელმწიფომ 150 კადასტრის ოფიცერი გადაამზადა - ამის შესახებ BM.GE-ს სოფლის მეურნეობის სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თხილის პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ განუცხადა.

თხილის კადასტრის შექმნისთვის ფერმერების რეგისტრაცია დაწყებულია და ის 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. კადასტრში დარეგისტრირებული ფერმერები კი მომავალი წლიდან სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამით ისარგებლებენ.

ლაშა შალამბერიძის განმარტებით, კადასტრის ოფიცერი ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი იქნება, რაც რუკებზე ბაღების მონიშვნის პროცესს გაამარტივებს. თხილის პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ პროგრამისთვის ახალი კადრების გადამზადება კადასტრის შექმნისა და სუბსიდირების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი ლარის ფარგლებში განხორციელდა.

„სოფლის ცენტრში, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში 5 დღის განმავლობაში, 6-7 კადასტრის ოფიცერი ფერმერებს უბნების მიხედვით მიიღებს და დაარეგისტრირებს, რაც რუკაზე მათი ბაღების რეგისტრაციას მოიცავს. ამის შემდეგ ფერმერები მოაწერენ ხელს და მარტის თვიდან ხელშეწყობის პროგრამით ჩარიცხვები დაიწყება.

გაწერილი გეგმის მიხედვით, 150-მდე კადასტრის ოფიცრისგან 21 ჯგუფია შექმნილი, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის სოფელში, გეგმის მიხედვით მივა და მოსახლეობას ამ სერვისს ადგილზე გაუწევს, რომ მათ მუნიციპალიტეტიდან გარეთ გასვლა არ დასჭირდეთ.

რაც შეეხება თავად 150 ადგილობრივი კადასტრის ოფიცერს, ისინი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ და 4 თვის განმავლობაში ჩვენთან იმუშავებენ, რაც მათ საჯარო სამსახურში თავისი პოტენციალის განვითარების საშუალება მისცემთ. ადგილობრივებმა თავისი მუნიციპალიტეტები კარგად იციან და მათი ჩართულობით რუკაზე სხვადასხვა ფართობის მოძიება უფრო მარტივი იქნება“, - განმარტა ლაშა შალამბერიძემ.