მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის სუბსიდირება დარგმა დააინიცირა - რა მოლოდინი აქვთ მეთხილეებს?

6360caeeb263b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.22 12:59
1195
საქართველოს მთავრობამ თხილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ისიც დასძინა, რომ პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოიყოფა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ამ გადაწყვეტილების მიღება ორი გარემოებით, პირველი - ქვეყნის შიგნით 2022 წელს არსებული კლიმატური პირობების გამო, თხილის მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირებით და მეორე - საერთაშორისო ბაზრებზე ევროსა და დოლარის გაუფასურების ფონზე, მოთხოვნის შემცირებისა და თხილის ფასის შემცირებით ახსნა.

რამდენად ჩართულნი იყვნენ თხილის ინდუსტრიის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღებისას და რამდენად გააუმჯობესებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 20 მლნ ლარი სექტორს - ამ კითხვებით BM.GE-მ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს მერაბ ჭითანავას მიმართა.

დარგის ერთ-ერთი მსხვილი გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ თხილის სუბსიდირების დაწყება სრულად სექტორის ინიციატივაა და ფერმერთა გაერთიანება პროგრამის შემუშავებისას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციაშია იყო.

„წელს 60-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის შემცირება (დაახლოებით 30%-ით) გამოიწვია, რაც დიდწილად იმ ფერმერების ბაღებზე აისახა, რომლებმაც წამლობა არ ჩაატარეს. წელს, როდესაც დავინახეთ ლარის გამყარება, მსოფლიო ბაზარზე თხილზე მოთხოვნის კლება, ქვეყანაში დაბალი რაოდენობისა და ხარისხის მოსავალი, ეს იყო კარგი მაგალითი და ჩვენ შევხვდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს, გავაჟღერეთ მოსალოდნელი ზიანი და ის შედეგები, რაც გვქონდა, რის შემდეგად ამ სექტორში სახელმწიფოს ინტერვენციის სწორი გზების ძიება დავიწყეთ.

დღეს თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად საჭირო სამუშაოების გატარების მხრივ ფერმერების მოტივაცია შემცირებულია, მათ აქვთ საწამლი აპარატები და არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ყველა საჭირო წამლობა ჩაატარონ, ჩვენ ეს მოცემულობა სახელმწიფოს გავაცანით და მათგან მივიღეთ ძალიან კარგი პასუხი სუბსიდირების სახით. დახმარება არ იქნება ნაღდი ფულის სახით, ეს იქნება აგრობარათზე დარიცხული ქულები, რომელთა გამოყენებას მეთხილეები მიზნობრივად შეძლებენ“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის განხორციელებისთვის პირველ ეტაპზე დაიწყება მეთხილეთა კადასტრის შექმნა, რომელიც პროგრამის ბენეფიციარების იდენტიფიცირებას მოახდენს, მომავალი წლიდან კი ყველა მეთხილე ფერმერი სურვილის შემთხვევაში ამ დახმარებას მიიღებს. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ეს დარგის წარმომადგენლებზე დადებითად აისახება, შედეგად კი თხილის ხარისხი გაუმჯობესდება.

„ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებსაც თხილის ბაღებში საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად ფინანსურ რესურსზე წვდომა არ ჰქონდათ, ამ სამუშაოების გატარება 100%-ით შეძლებენ და პრემიუმ ხარისხის თხილს მიიღებენ. ასევე ის ადამიანები, რომლებიც წამლობებისგან თავს იკავებენ და სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ისინიც მოინდომებენ მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას და ჩაერთვებიან ამ პროგრამაში.

მოხდება სექტორის რუკების ნებაყოფლობით შედგენა და ფერმერები თავისი სურვილით განაცხადების შეტანას შეძლებენ და ნაკვეთების დაფიქსირებას, რის შემდეგაც მონაცემები გადამოწმდება და ამის შესაბამისი ქულები აგრობარათზე დაერიცხებათ, რომელთა გამოყენება ნებისმიერ სერტიფიცირებულ აგრომაღაზიაში შეძლებენ. ამასთან, აგროკრედიტის სესხის თანადაფინანსების პროგრამით მეთხილე ფერმერები ბაღებისთვის საჭირო საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო სესხის აღებას შეძლებენ“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, 1 ჰა თხილის ბაღის სრულ მოვლას დაახლოებით 1 000 ლარი სჭირდება, რაც სასუქებს და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს მოიცავს. „დაავადებებთან ბრძოლის ღირებულება ჯამურად 500 ლარს აღემატება, შესაბამისად ფერმერი სახელმწიფოსგან საჭირო ხარჯების 50%-ს იღებს. შედეგის მისაღებად კი შრომა და გარკვეული ძალისხმევა ფერმერმა უნდა ჩადოს“, - უთხრა BM.GE-ს ჭითანავამ.

მეთხილეთა გაერთიანებაში, იმედოვნებენ, რომ ერთწლიანი პროექტი, რომელიც 2023 წლიდან დაიწყება, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

საქართველომ თხილის რეალიზებით $60 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო - რამდენით შემცირდა ექსპორტი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები