მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უჩა სეთური: ზიანი, რომელსაც "ოუფენ ნეტის" განუხორციელებლობით მივიღებთ, ძალიან დიდია

5da490484ab74
ლიკა გურაბანიძე
14.10.19 23:00
1849
საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელზეც განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად 2014 წელს გააკეთა, რეალურად ამ დრომდე არ დაძრულა.

5 წლის თავზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტს „შეჩერებულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტის გამო, თავადაც უკმაყოფილოა. მინისტრი ირწმუნება, რომ უკმაყოფილოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. 

ნათია თურნავას თქმით, ცუდია, რომ ეს პროექტი ამდენი ხნით შეფერხდა, რადგან ის დაანონსდა 2015 წელს და ამ დრომდე სისრულეში მოყვანილი არ არის. 

2014 წელს რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე ბიძინა ივანიშვილის მიერ განცხადების გაკეთებიდან 1 წელიწადში, საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2015 წლის 21 ივლისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა, რომელსაც დღემდე ნინო ქუბინიძე ხელმძღვანელობს. 

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური „საქმის კურსთან“ პროექტის მნიშვნელობაზე და მის დღევანდელ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც სეთური განმარტავს, პროექტის მნიშვნელობა სადავო არ არის და მის განხორციელებაზე დიდ წილად დამოკიდებულია, როგორც მომხმარებლების ინტერნეტით უზრუნველყოფა, ასევე კონკურენციის ხელშეწყობა.

მისივე თქმით, სტრატეგიის დონეზე პროექტი წინ მიდის და მისი რეალიზების შესაძლებლობები გაიზარდა.

„ამ პროექტის რეალიზაციას ძალიან ბევრი დადებითი შედეგი უნდა მოჰყვეს. პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით, უნდა შეიქმნას ერთიანი ქსელი, რომლის მიხედვითაც, თბილისიდან მოხდება ერთიანი არხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს არის მთავარი ამ პროექტის კონკურენციისთვის, რომელზეც ჩვენც და ბაზრის მოთამაშეებიც თანახმა ვართ.

ვერ ვიტყვი, რომ „ოუფენ ნეტი“ თავის დროზე სწორად დაგეგმილი არ იყო იმიტომ, რომ ეს ევროპის ყველა ქვეყანამ გააკეთა. ეს ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვან დირექტივას ემყარებოდა, რომელსაც ხელი ქვეყნის იაფი ინტერნეტიზაციისთვის უნდა შეეწყო. უბრალოდ, ვერგანხორციელებაზე საუბრის დროს შეიძლება აღინიშნოს ის მოცემულობები, რომელიც საქართველოს ჰქონდა და ასევე, შესაძლოა იყოს მენეჯმენტშიც გარკვეული პრობლემები, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რა მოცემულობაც დღეს გვაქვს - სამწლიანი არანაირი შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ბაზრის მოთამაშეებზე, კონკურენციასა და მცირე და საშუალო ბიზნესზე ცუდად აისახა.

„ოუფენ ნეტის“ მიხედვით, ოპტიკური ქსელთან შეერთება უნდა მომხდარიყო იმ რაიონებში, რომელშიც იყო 200 ან მეტი ოჯახი, სადაც ასევე საუბარი იყო სოფლებზეც, თუმცა ეს თავისი შინაარსით მოიცავდა საქართველოს დაახლოებით ¼-ს. ზიანი, რომელსაც ჩვენ ამ პროექტის განუხორციელებლობით მივიღებთ ძალიან დიდია", - განაცხადა უჩა სეთურმა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი 2015 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ პროექტში 100 მილიონ დოლარს „ქართუ ფონდი” ჩადებდა. თუმცა, დღემდე პროექტი განხორციელებული არ არის. ირკვევა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელიც ფაქტობრივად, „შეჩერებულია“, ფონდი „ქართუ“ არ აფინანსებს.  აღნიშნული მიმდინარე წლის მაისში bm.ge-სთან „ქართუ ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმაც დაადასტურა, როცა თქვა, რომ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და მას შემდეგ, ალტერნატიული დაფინანსების წყარო გაჩნდა, bm.ge გასულ კვირაში ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია პროექტის განმახორციელებელი კომპანია OPEN NET-ისგან, თუმცა ვერ შეძლო.