მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა - "არსი" რამდენიმე მიზეზს ასახელებს

608830789229c
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.21 19:56
1452
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უძრავი ქონების ფასების ინდექსი 13.6%-ით გაიზარდა. დედაქალაქში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა - ამ უბანში ახალაშენებულ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება 4,236 ლარს შეადგენს. თბილისში ყველაზე ხელმისაწვდომი უძრავი ქონება სამგორის რაიონშია, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 2,359 ლარი ღირს.

რამ გამოიწვია უძრავ ქონებაზე ფასების მატება მიმდინარე წელს?

კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ბესო ორთოიძე ამბობს, რომ მთავარი ფაქტორი თვითღირებულების ზრდაა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია ლარის კურსის გაუფასურებით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის გაძვირებით.

“ლარის კურსი უფრო მოქმედებს ხოლმე იმპორტირებულ პროდუქციაზე, ადგილობრივ წარმოებაზე კი იმოქმედა წლის დასაწყიში გაზრდილმა ელექტროენერგიის ტარიფმა... კრიზისულ სიტუაციაში არამარტო სამშენებლო მასალებზე, არამედ, ზოგადად ყველაფერზე არის ფასები გაზრდილი. პანდემიამდე ყოველ წელს იზრდებოდა ფასები უძრავ ქონებაზე და გასულ წელს არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც”, - აცხადებს ბესიკ ორთოიძე.

მისივე თქმით, ფასების ზრდის კიდევ ერთი განმაპირობებელია რეგულაციები, რომლებიც ხშირად იცვლება და სამშენებლო კომპანიებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. “არსის” გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ცვლილებები ავტომატურად ზრდის მშენებლობის ხარჯებს, მაგალითად, როცა ძალაში შევიდა 41-ე დადგენილება და ამან გაითვალისწინა სახანძრო უსაფრთხოების საკითხები; ასევე მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა ე.წ. მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, რომელიც შშმ პირებისთვისთვის ინფრასტუქტურის ადაპტაციას გულისხმობს. მათ შორის აღნიშნული სტანდარტი ითვალისწინებს, რომ საბინაო მშენებლოების 2% მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული შშმ პირებზე.