მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკავშირდება თუ არა კომუნიკაციების კომისიის ინიცირებული ცვლილებები "კავკასუს ონლაინს"? - ბექაურის პასუხი

5f08431751639
ინგა მურუსიძე
10.07.20 14:15
1270
პარლამენტი განიხილავს კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტს, რომელიც არასამთავრობო სექტორის და სატელეკომუნიკაციო კომპანიების შეფასებით, კომისიას უფლებამოსილებებს უზრდის. კომისია კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს. დღეს მოსმენა გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება, რომ  ინიცირებული ცვლილებების  მიღება „კავკასუს ონლაინის“ საქმეს უკავშირდება.

სერგი კაპანაძე: განმარტებით ბარათში წერია, რომ კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულება ვერ ხერხდება ხოლმე და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზებული პირის მფლობელი ასხვისებს წილებს და კომისია ავალებს, რომ დაარევერსოს ეს ტრანზაქცია. რა მაგალითს გულისხმობთ?

კახა ბექაური: აქ არ იგულისხმება მხოლოდ ერთი მაგალითი, თუმცა ბოლო მაგალითია "კავკასუს ონლაინის“ გასხვისება, რომელიც მიმდინარეობდა. პირველი ადმინისტრაციული წარმოება გასხვისებაზე დაიწყო გასულ წელს, როცა გაფრთხილება მიიღო. შემდგომ, კომპანიისთვის არაერთხელ იქნა მოთხოვნილი გადაწყვეტილების შესრულება. ეს ერთ-ერთი მაგალითია.

სერგი კაპანაძე: „კავკასუს ონლაინი“ ახსენეთ, მანდ არის ძაღლის თავი დამარხული? ამ შემთხვევაში მიღებული გაქვთ გადაწყვეტილებები, დაკისრებული გაქვთ ჯარიმები და ბოლოს, დააკისრეთ მისი მფლობელი კომპანიის მფლობელი კომპანიის მიერ წილების გახსვისება დაერევერსებინა ავტორიზებულ პირს. ავტორიზებულ პირს დააკისრეთ ვალდებულება, რომ სულ ზემოთ, ვინც არის, იმის მიერ გახსვისებული წილების პირვანდელი მდგომარეობა აღედგინა. ეს საერთოდ აბსურდია ჩემი აზრით, მაგრამ, როცა თქვენ იქ შეიყვანთ დროებით მმართველს, შეეძლება მას გავლენა მოახდინოს კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილებაზე? რაც ეხება მშობელის მშობელის მიერ გასხვისებული წილების დარევერსებას? მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ სწორედ ამ საქმისთვის აკეთებთ ამას.

კახა ბექაური: ჰიპოტეტური მაგალითი ძალიან ბევრი შეიძლება დავასახელოთ.

სერგი კაპანაძე: დროებით მმართველს აქვს თუ არა საშუალება მოახდინოს კომპანიის მშობლის მშობლის მიერ გაყიდული წილების დარევერსებაზე გავლენა?

კახა ბექაური: ჩვენი აზრით, ამის უფლებამოსილება აქვს. ავტორიზებულ პირს ეს უფლება აქვს. ამ მექზნიზმში, რომელიც წარმოდგენილია წერია ის, რომ ნებისმიერი კომისიის გადაწყვეტილება და კანონის არშეუსრულებლობა თუ მოხდა, სრულყოფილი ინსტრუმენტია, რომ ჩვენ იძულებით აღსრულება გავაკეთებინოთ მას.

სერგი კაპანაძე: თქვენ აპირებთ, რომ კომპანიაში შეიყვანოთ დროებითი მმართველი, სტატუსკვო ვერ შეცვალოთ და გაატანინოთ აქციები აუქციონზე. განმარტებით ბარათში ჩამოთვლილია საფუძვლები. სახელმწიფო უსაფრთხოების, ან ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების გამო შეგვიძლია მონაწილეობა აუკრძალოთ აქუციონში რომელიმე კომპანიას. თქვენ ამას როგორ ადგენთ? ქვეყნის უსაფრთხოების მოსაზრებას როგორ ადგენთ? რა კრიტერიუმები გაქვთ? ვინმე გაძლევთ ამ კრიტერიუმებს?

კახა ბექაური: პასუხი არის ის, რომ ის კრიტერიუმები იქნება, რომ არ გამოიწვიოს ამ კომპანიის ლიკვიდაცია. ქვეყნის უსაფრთოება არის მაგალითად ის, რომ მილიონობით ადამიანი არ დარჩეს საკომუნიკაციო სისტემის გარეშე. მაგას საიდან ადგენთ?

კახა ბექაური: საიდან ვადგენთ, მაგას ნახავთ ცოტა ხანში.

სერგი კაპანაძემ ამის შემდეგ კახა ბექაური კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი, რაც ამ შემთხვევაში ასე არ არის.