მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინასთან ომის პარალელურად ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაუშვეს – რას ამბობს ქართული მხარე?

6224945409faf
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.22 14:55
1965
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაშვებული იქნება. ამის შესახებ უწყებამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. აღნიშნული განცხადებით, სეს–ი გამოეხმაურა გუშინ, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ იმავე შინაარსის ინფორმაციას.

გუშინ გაირკვა, რომ უკრაინაში ომის პარალელურად, როსელხოზნადზორის ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა მოლაპარაკებები გამართა ბელორუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებთან ივან სმილგინთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და გოშგარ ილაჰი ოღლუ თაჰმაზლისთან.

"როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ რუსეთში ბელარუსიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შეტანაზე შეზღუდვები გაუქმდა. აქვე აღნიშნული იყო, რომ საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ცხოველური პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიების ჩამონათვალი გადახედვის პროცესშია. რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობდა.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის საწარმოთა სიები გაეგზავნა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ვეტერინარული მედიცინის დარგის უფლებამოსილ ორგანოებს იმ ორგანიზაციებისა და პირების რეესტრში შესატანად, რომლებიც კონტროლირებადი საქონლის წარმოებას, გადამუშავებას და (ან) შენახვას ეწევიან. საუბარია ერთ საწარმოზე აზერბაიჯანში და რძის პროდუქტების 15 საწარმოზე საქართველოში“, - ეწერა როსსელხოზნადზორის გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ სურსათის ეროვნულ სააგენტოს სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოუწია განმარტების გაკეთება. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან აღნიშნულ საკითხზე 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ახლა არ დაწყებულა. ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ მეტ დეტალს უწყება არ ავრცელებს. სეს–ი აქვე მიუთითებს, რომ საქართველო ექსპორტის დივერსიფიკაციაზე სხვა ქვეყნებთანაც მუშაობს. 

„ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან.

2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები