მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუხში 0,5 მლნ ლარის ინვესტიციით რძის გადამამუშავებელი საწარმო „მეგრული“ გაიხსნა

618527025e4b1
მარიამ იზორია
05.11.21 23:10
1694
სოფელ რუხში, ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციით, რძის გადამამუშავებელი საწარმო „მეგრული“ გაიხსნა.

ქარხანაში ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილ რძეს გადაამუშავებენ და 28-მდე სახეობის მეგრულ სულგუნს აწარმოებენ, რომელთა რეალიზებაც ძირითადად ჰორეკა სექტორში იგეგმება.

როგორც „მეგრულის“ დამფუძნებელი ლაშა მიქელაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, საწარმოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ფერმერების ეკონომიკურად გაძლიერებაა. გარდა ამისა, საწარმო ადგილზე უკვე რვა ადამიანს ასაქმებს, სამომავლოდ კი მათი რაოდენობა გაორმაგდება.

„რძის გადამუშავების მიმართულებით 2015 წლიდან ვსაქმიანობ, მსგავსი საწარმო აჭარაში უკვე გვაქვს. სამეგრელოში რძის გადამამუშავებელი ქარხანა აქამდე არ იყო და მეწარმეებს არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ ნედლი რძე ჩაებარებინათ, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ნოვატორები ვყოფილიყავით და ეს ტვირთი საკუთარ თავზე აგვეღო. ჩვენი მთავარი მიზანია, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ფერმერებს რძის რეალიზების მეტი საშუალება ჰქონდეთ, პროდუქტს დაახლოებით 300 ადგილობრივი ფერმერისგან ჩავიბარებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 300 ოჯახში ყოველდღიურ შემოსავალს შევიტანთ“ - აცხადებს „მეგრულის“ დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, რძის გადამამუშავებელი საწარმო „მეგრული“„საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით ამოქმედდა.