მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა თუ არა დავით ხიდაშელს VTB-ის ყიდვა? - ბიზნესმენის პასუხი

62de8e883503a
შოთა ტყეშელაშვილი
25.07.22 16:55
1060
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი VTB ბანკის შეძენასთან დაკავშირებით BMG-ის კითხვებს პასუხობს. მისი განცხადებით, ბანკის შეძენასთან დაკავშირებით საზოგადოება შეიტყობს მაშინ, როდესაც შესაბამისი გარიგება შედგება, იქამდე კი მის შესახებ ვერ ისაუბრებს.

ამავე პასუხში დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ ის არც წარსულში იღებდა მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში და ამას არც მომავალში გეგმავს.

“წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ, როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს.

საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი რადენი ტყუილებიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს დეზინფორმირებას მოსახლეობის ან ჩემს შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს.

მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი, არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობის მიღებას არანაირი სახით.

მე ვარ ქართველი და მხოლოდ საქართველოს დახმარებას ვცდილობ საზღვრების აღდგენა-გასწორებაში.

საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ, რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხობის მცდელობებს ჩემს მიმართ, ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ, რომ ჩივილსაც აზრი არ აქვს; რაც უნდა ის იძახიან და წერენ. ენას ძვალი არ აქვსო, რომ იტყვიან...

P.S. ამ ჩემ მოწერილსაც დაამახინჯებენ მიაბავენ რამეს ისე გააშუქებენ ეჭვი არ მეპარება,” - აცხადებს დავით ხიდაშელი BMG-ისთან წერილობით კომენტარში.

დღეს ეროვნულმა ბანკმა VTB ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სებ-ი აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით, ბანკის ყიდვით დაინტერესებულ პირებს მათთვის ჯერ მიმართვა არ გაუკეთებიათ. ამასთან, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბანკის გაყიდვა მოხდება საერთაშორისო სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ცნობილია ასევე, რომ მან მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.

გარდა ამისა, მისი სახელი უკავშირდება რაჭაში ტყის მასივის იჯარით აღებას. კერძოდ, რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენმა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ მისმა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” რაჭაში 1,047 კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი, 1.1 მილიონ ლარად, 49-წლიანი იჯარით აიღო. აღნიშნული მასივი რაჭის ფართობის ერთი მესამედია. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ბიზნესმენი ტყის მასივში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სანადირო მეურნეობის მოწყობას გეგმავს.

შეგახსენებთ, რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან მალევე, საქართველოში VTB ბანკმა საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი გაასხვისა. კერძოდ, "ლიბერთი ბანკს" გადასცა SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა, ხოლო "ბაზის ბანკს" VTB ბანკის საცალო კლიენტები, ასევე საფილიალო ქსელი თბილისსა და რეგიონებში. ამ გარიგებების შედეგად, ბანკის აქტივები 1.6 მილიარდი ლარით, 500 მილიონ ლარამდე შემცირდა.