მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უქმეები, რომლებიც იანვარში 11%-იანი ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი იყო, ხელახლა ცხადდება

60715de5acbfc
შოთა ტყეშელაშვილი
10.04.21 11:59
4322
გუშინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდეს. მთავრობის განცხადებით, სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს 2021 წლის განმავლობაში სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადების უკვე მეორე შემთხვევაა.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა რეკორდული ტემპით - 11.5%-ით შემცირდა. ასეთი მკვეთრი ვარდნის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები იყო ამ პერიოდში მოქმედი მკაცრი ლოქდაუნი, რომელიც თებერვლიდან შემსუბუქდა და 3-დან 15 იანვრის ჩათვლით გამოცხადებული სავალდებულო უქმეები, რამაც ეკონომიკის არაერთ სექტორს საქმიანობა შეუზღუდა. შედეგად, იანვარში საქართველოში დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 8.1%-ით, 5.88 მილიარდ ლარამდე შემცირდა.

3-დან 15 იანვრის ჩათვლით მოქმედი უქმე დღეების პერიოდში მთავრობის მიერ მიღებული ბრძანებით განსაზღვრული იყო საქმიანობის 13 სფერო, რომელთაც მუშაობა არ ეზღუდებოდათ, ეს საქმიანობები იყო:

გამონაკლისი სფეროების ჩამონათვალი, რომელთაც უქმეები არ ეხებოდა:

1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.

2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

3. ფარმაცევტული საქმიანობა.

4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.

5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.
6. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.

7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.

8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.

9. სამაშველო საქმიანობა.

10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).

12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

13. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.