შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საიდანაც რუსეთის მოქალაქეები ინტენსიურად შემოდიან, კონტროლი გამკაცრებულია და უსაფრთხოების სამსახურიც მუშაობს, რომ „ვინმე არ შემოიპაროს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის ის ზღვარი, რა ოდენობის მოქალაქის მიღებაც შეუძლია ქვეყანას, შს მინისტრმა თქვა, რომ უკვე პიკზე ვართ.
„გუშინწინ შემოვიდა 11 200 და გუშინ დაახლოებით 10 400. ხვალ და ზეგ შეიძლება ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ავიარეისებით ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის. ახლა უკვე პიკზე ვართ, რთულია და რიგები დგას ჩვენს მხარესაც. გამტარიანობას რაც შეეხება 10 და 20-გეითიანი არ არის ჩვენი საბაჟო, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები. მაქსიმალურად გავფილტრავთ, რომ არავინ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. უკვე პიკზე ვართ, არ მგონია ამაზე მეტი შემოვიდეს. ფიზიკურად ვერ გავატარებთ“, - ამბობს გომელაური. მისივე თქმით, დამატებითი პოლიციური ძალები გადაყვანილი არიან ლარსზე, რათა საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მებაჟეებს, მათ შორის ადამიანების დაკავებაში, გაძევებასა და ა.შ.
რაც შეეხება კითხვას, სულ რამდენი მოქალაქის მიღება შეუძლია ქვეყანას, შს მინისტრი ამბობს, რომ ამის თქმა არ შეუძლია.
BM.GE დაინტერესდა, თუ რა არის პიკი, რომლის მიღმაც საზღვარზე ადამიანების გატარება შეუძლებელი იქნება და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.