მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID: ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის მიღება ელექტროენერგიის ტარიფს შეამცირებს

5d9ca7fb18ff6
თელარა გელანტია
08.10.19 20:30
1538
USAID-ის პროგნოზით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, 2024 წლამდე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, ყოველწლიურად საშუალოდ, 1%-ით შემცირდება.

ამის შესახებ USAID-ი აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებულ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტში (RIA) წერს.

BAU (თუ შენარჩუნდება არსებული კანონმდებლობა და მარეგულირებელი დებულებები) სცენარის შემთხვევაში, საფასურის გაზრდა ყოველწლიურად დაახლოებით ერთი პროცენტით არის მოსალოდნელი, როდესაც NEL (თუ დამტკიცდება ენერგეტიკის ახალი კანონი) სცენარის შემთხვევაში გადასახადი ყოველწლიურად ერთი პროცენტით დაიკლებს.

ხაზგასასმელია, რომ NEL სცენარის შემთხვევაში ტარიფის შემცირება 2024 წლამდე გამოწვეულია დაბალ ფასიანი ჰიდროენერგიის მოცულობის ზრდის პირობებში, ხოლო მისი ზრდა 2024 წლიდან 2025 წლამდე გამოწვეულია შედარებით მაღალ ხარჯიანი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებით“, - წერია RIA-ში.

გარდა ამისა, USAID-ი იმ ფაქტორებს ასახელებს, რაც ახალი კანონის მიღების შემთხვევაში ელექტროენერგიის ფასზე გავლენა იქონიებს:

1. ახალ ბაზრებს ექნება როგორც კომერციული, ისე იურიდიული ხელშეწყობა ეკონომიური იმპორტისა და ექსპორტისათვის;
2. ახალ ბაზრებზე წვდომა შესაძლებელს გახდის რეზერვების განაწილებას, რაც შეამცირებს სიმძლავრის დანახარჯებსა და შედეგად საბითუმო ფასებს;
3. დაჩქარდება საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ახალი ინვესტიციების შერჩევა, ნებართვის გაცემა და განხორციელება;
4. დაბალრისკიანი გარემოს წყალობით, კაპიტალური დანახარჯები შემცირდება ახალი ინვესტიციებისთვის;
5. მზისა და ქარის ენერგია იქნება სავალდებულო და პრიორიტეტული (ეს გაზრდის ფასებს);
6. საბითუმო ბაზრის კონკურენცია ხელს შეუწყობს საბითუმო ფასების შემცირებას;
7. საცალო ბაზრის კონკურენცია (მომხმარებლის არჩევანი) ხელს შეუწყობს საცალო ფასების შემცირებას;
8. რეფორმების დანერგვის გაზრდილი ხარჯები (გადამცემი სიტემის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორი, ახალი IT სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა).

შეგახსენებთ, რომ "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონის პროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, მათ შორის - ოპოზიციიდან ფრაქცია "ევროპულმა საქართველომ". ახალი კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობა და ბაზრების გახსნაა.